კონფლიქტური ზონა

შსს დიცში მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის გაგრძელებას გმობს

radiotavisupleba.ge

შს სამინისტრომ სოფელ დიცში მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის გაგრძელება მკაცრად დაგმო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ დიცში შექმნილ სიტუაციას დღეს ადგილზე გაეცნენ.

უწყების ინფორმაციით, 17 სექტემბერს რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი გაგრძელდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

"შს სამინისტრო მკაცრად გმობს მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის გაგრძელებას საოკუაციო ხაზის მიმდებარე სოფელში და ყველა მხარეს აღნიშნული არალეგალური პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ანალოგიური ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმებზე იმსჯელეს. ამჟამად კი ადგილზე, სოფელ დიცში ვითარება მშვიდია. 

 

კომენტარები