საქართველოსა და ლესოტოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლესოტოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ხელშეკრულებას გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს.
ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ურთიერთობების განვითარების შემდგომ პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
"ეს შეთანხმება გვაძლევს საშუალებას, ამ ქვეყანასთან გვქონდეს ინტენსიური ურთიერთობა და მოგვცემს საშუალებას ბევრი საერთო პროექტი განვახორციელოთ. მე ჩემს კოლეგას ინფორმაცია მივაწოდე იმ რეზოლუციის შესახებ, რომელიც ჩვენი ინიციატივით ყოველწლიურად გაეროს ასამბლეაზე გადის. კოლეგასთან საუბარში აღვნიშნე, რომ რეზოლუცია გახლავთ ჰუმანიტარული ხასიათის. ბატონი ცეკოა შემპირდა, რომ მომავალ წელს მათ სხვანაირი პოზიცია ექნებათ, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ამ ქვეყნის წარმომადგენელი აქამდე რეზოულიციის კენჭისყრას არ ესწრებოდა", - თქვა მაია ფანჯიკიძემ.
ლესოტოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰლაბი კენეტ ცეკოას თქმით, ლესოტო საქართველოში ელჩის წარგზავნას გეგმავს. ასევე, ახლო მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის კომისია შეიქმნება, რომელზეც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროები განისაზღვრება.
"არსებობს სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როგორც ჩვენთან, ისე საქართველოში. შესაძლებელია თანამშრომლობა განათლების მიმართულებით, სასწავლო პროგრამების გაცვლა. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გლობალურ ფორმატებში", - აღნიშნა ლესოტოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.





