რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ზურაბ აბაშიძე: მოსკოვისთვის არაფერი გადაგვიხდია და არაფერი დაგვითმია

Zurab Abashidze
Tabula

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, რუსეთის ბაზარი სარისკო ელემენტებს შეიცავს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აბაშიძემ აღნიშნა, ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს ღიად ეუბნება.

"რუსეთის ბაზარს აქვს თავისი სარისკო ელემენტები. ამის გამოცდილებაც გვაქვს - 2006 წელს დაწესებული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე. ვერანაირ ასპროცენტიან გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ერთი ან ორი წლის შემდეგ, ვიღაცას რაღაც არ მოეწონება და ჩვენს ვაშლსა თუ პამიდორში მეტალებს არ აღმოაჩენს. პოლიტიკოსების საქმეა - გახსნას დახურული კარი და ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს - უღირს თუ არა ამ კარში შესვლა. ჩვენ ამ რისკების შესახებ ჩვენს ბიზნესმენებს ღიად ვეუბნებით - ვუხსნით, რომ გავხსენით ბაზარი. იციან გამოცდილებაც და გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ, მაგრამ იმის გამო, რომ ესაა დიდი ბაზარი, ძალიან პერსპექტიული და საინტერესო ბიზნესისთვის, მათ ამ რისკზე წასვლა მაინც უღირთ. ასეთია რუსეთის ბაზარი. მე და ჩვენ ამას ვერ შევცვლით", - აცხადებს აბაშიძე. მისივე თქმით, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად, მიმოსვლის აღდგენისა და სხვა საკითხების გადაჭრისთვის, ოფიციალურ თბილისს მოსკოვისთვის არანაირი საფასური არ გადაუხდია. 

"ხშირად მეკითხებიან, მიმოსვლის აღდგენისთვის, პროდუქციის დაბრუნებისთვის რა არის საფასური, რომელსაც ვიხდით, მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი საფასური არ გადაგვიხდია, არანაირი დათმობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების მოგვარების კუთხით, სერიოზულ ცვლილებებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ.

"ალბათ, მაინც იქნება წინსვლა პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუმცა ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. ჩემი და გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატი პოზიტიური მუხტის მატარებელია, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ საპასუხო ნაბიჯებს ადმინისტრაციულ საზღვრებზე, მავთულხლართების გაბმის და კედლის მშენებლობის სახით. ვთვლით, რომ ესაა ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა, თუმცა ამასთან დაკავშირებით, რუსეთს თავისი პოზიცია აქვს", - ამბობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი.

 

კომენტარები