NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხი კომუნალური გადასახადია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებში გამოკითხულებს სამი პასუხის დაფიქსირება შეეძლოთ.

გამოკითხულთა 46%-ს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად კომუნალური მომსახურების ღირებულება მიაჩნია. ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების არსებობა - 30%-ს. ტრანსპორტის ღირებულება - 29%-ს, გზების საკითხი - 28%-ს. რაც შეეხება გაზმომარაგებას, მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად ის 25%-ს მიაჩნია.

წყალმომარაგება ადგილობრივ მნიშვნელოვან საკითხად 23%-ს მიაჩნია.

გამოკითხულებმა სხვა მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების შემცირება, ნაგვის მიბმა ელექტროენერგიის გადასახადთან, კანალიზაცია, დასახლებაში საბავშვო ბაღის არსებობა, ნაგვის გატანა და ა.შ. დაასახელეს.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები