NDI-ის კვლევა

NDI: 29% ამომრჩევლის მოსყიდვას სამართლიანი არჩევნებისთვის დაბრკოლებად მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

რა არის სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში? - გამოკითხულთა 29%-ს აზრით, მთავარი დაბრკოლება ამომრჩევლის მოსყიდვაა. მაჩვენებელი ივნისის თვესთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი.

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოკითხულთა 27% თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დაბრკოლებად მიიჩნევს. აღნიშნული მაჩვენებელი ივნისის თვესთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებად, გამოკითხულთა 21%-ს, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა სამსახურის შესანარჩუნებლად მიაჩნია.

ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა 19%-ს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებად მიაჩნია.

რაც შეეხება ამომრჩეველთა შევიწროებას, აღნიშნულ საკითხს დაბრკოლებად 18%-ს თვლის.

გამოკითხულთა 18%-ს საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა მიაჩნია სამართლიანი არჩევნებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებად, ხმის მიცემა ერთზე მეტჯერ [კარუსელი] - 16%-ს, ხოლო მედიასაშუალებების მიერ კანდიდატების და პარტიების არათანაბარი გაშუქება - 14%-ს.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები