კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

გრიგორი კარასინი: დიცში ვითარება გამიზნულად იძაბება

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, დიცში ვითარება გამიზნულად იძაბება. კარასინის განცხადებით, ეს ყველაფერი იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. როგორც კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა, "ვერც აფხაზეთი და ვერც სამხრეთ ოსეთი საზღვრების გარეშე ვეღარ იცხოვრებენ". მისივე მტკიცებით, ქართულ მედიაში ხშირად ამბობენ, რომ ხალხს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ, მაგრამ არანაირი გატაცება არ ხდება.

"საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულებს მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას ახდევინებენ. საზღვრები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დადგინდა, დღეს რომ ეს საზღვრები სახელმწიფო გახდა, ეს იმ აგრესიის ბრალია, რომელიც ბატონმა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ზოლს ძალიან მცირე მონაკვეთებზე ავლებენ, რომ ხალხმა დაინახოს, სად გადის საზღვარი. უკონტროლო მიმოსვლა სტაბილურობამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენი მესაზღვრეები სარგებლობენ იმ უფლებამოსილებით, რომელიც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიანიჭა. ამ საკითხებზე ქართული მხარე უნდა ესაუბროს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას. ამისთვის არსებობს მნიშვნელოვანი ფორმატი - ჟენევის დისკუსიები. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, რუსეთიც დგამს საქართველოსთან შემხვედრ ნაბიჯებს. ეს ეხება ვაჭრობას, ჰუმანიტარულ კავშირებს, ავიაციას, სპორტს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არ ვილაპარაკებდით იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, მაგრამ დღეს წამოიჭრა საზღვრების თემა და მოსაზრებებიც გავცვალეთ", - აცხადებს კარასინი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. 

კომენტარები