რუსული ოკუპაცია

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთთან "დაწოლის" პოლიტიკა გვაზარალებს

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსებმა სოფელ დიცში 400 ჰექტარამდე მიწა მიითვისეს. სააკაშვილის შეფასებით, დიცში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთთან "დაწოლის" პოლიტიკა საქართველოს მხოლოდ აზარალებს.

"ბოლო კვირებსა და თვეებში რუსებმა გადმოინაცვლეს და მიითვისეს 400 ჰექტარზე მეტი ჩვენი მიწა. 400 ჰექტარზე რომ ვაშლის ბაღი გააშენო, ვაშლზე საქართველოს მოსახლეობის მთელ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს - ე.ი. ჩვენ წაგვართვეს საქართველოს სამყოფი ვაშლის ბაღი ისე, რომ ეს თითქმის არავის გაუგია. ეს არის პირდაპირი პასუხი იმისა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვიძახდით - რაც უფრო მეტს დაუწვები, მით უფრო მეტად აგაცოცდება, მით უფრო ადვილად გადაგივლის. დაწოლით და ჩექმების კოცნებით საქმე რომ კეთდებოდეს ამ სახელმწიფოსთან, აქამდე მთელი მსოფლიო დაუწვებოდა და გაკრიალებული ჩექმებით ივლიდა, მაგრამ არ გამოდის", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომის დაწყებაში ქვეყნის ყოფილი მთავრობის დადანაშაულებას განაგრძობს, "ჩვენს დასახმარებლად არავინ  მოვა".

"ივანიშვილმა თქვა გუშინ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს არანაირი რეგიონული ამბიცია. პრემიერი აცხადებს იმასაც, რომ საქართველომ დაიწყო ომი - ეს უთხრა ლატვიურ გამოცემას რამდენიმე დღის წინ. თუ საქართველოს ბრალი იყო ომი, თუ ჩვენ არანაირი რეგიონული ამბიცია არ უნდა გვქონდეს, მაშინ ვინ მოვა ჩვენს დასახმარებლად?! ევროპულ გამოცემებს დღე და ღამე უყვება ზუსტად იმას, რასაც უყვებოდნენ პუტინები და მედვედევები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები