თეა წულუკიანის ვიზიტი ბრიუსელში

ევროკომისრები თეა წულუკიანთან შეხვედრას აფასებენ

ევროკომისრებმა შტეფან ფულემ და სესილია მალმსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგები საკუთარ ოფიციალურ ინტერნეტგვერდებზე შეაფასეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყანაა. ფულე მიესალმება თბილისის მზადყოფნას, კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

"შტეფან ფულეს განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ამის დასტურია ორმხრივი სურვილი - შედგეს შეთანხმება ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც გულისხმობს. ევროკომისარმა შტეფან ფულემ და მინისტრმა თეა წულუკიანმა შეხვედრაზე სამართლის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის თვისობრივი ცვლილება მისი უპირველესი ამოცანაა. შტეფან ფულეს თქმით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებამდე მნიშვნელოვანია ქვეყანაში რეფორმებისთვის მაქსიმალურად კონსტრუქციული გარემოს არსებობა. მან რწმენა გამოთქვა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებამდე დარჩენილი დრო პროცესისთვის დამატებითი იმპულსის მისაცემად უნდა იყოს გამოყენებული. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო. რამდენადაც იუსტიციის მინისტრი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა, კომისარმა ხაზი გაუსვა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში. შეხვედრის ბოლოს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მისი თქმით, ევროკავშირი აქტიურად ადევნებს თვალყურს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედ, კერძოდ კი, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებულ პროცესებს. გარდა იმისა, რომ ბოლო პერიოდის მოვლენები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, იგი ხელს უშლის კონფლიქტის დარეგულირებას გრძელვადიან პერსპექტივაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკანასკნელი პერიოდის ამბები განხილულ იქნება ჟენევის დისკუსიებისას ინციდენტების პრევენციის ჯგუფში. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით ევროკავშირი თავის შეშფოთებას დააფიქსირებს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზეც", - ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში, იუსტიციის სამინისტროს ცნობით.

საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომის შეფასებაში კი, რომელიც მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა საინტერესო და კონსტრუქციული იყო.

"მქონდა კარგი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან. განვიხილეთ მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ სამუშაო ისევ ბევრი რჩება", - აღნიშნულია მალმსტრომის შეფასებაში.

 

კომენტარები