თეა წულუკიანის ვიზიტი ბრიუსელში

წულუკიანი: დემოკრატიულად შევცვლით პრეზიდენტს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოში საარჩევნო გარემო თვისობრივად შეცვლილია. როგორც წულუკიანმა ბრიუსელში ევროკომისრებთან - შტეფან ფულესა და სესილია მალმსტრომთან შეხვედრაზე განაცხადა, ძალადობას ადგილი აღარ აქვს. მისი თქმით, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი კამპანიას თავისუფალ გარემოში ატარებს.

"ჩვენ გასულ წელს დემოკრატიულად შევცვალეთ პარლამენტი. წელს ვაჩვენებთ, რომ ასეთივე გზით შევცვლით პრეზიდენტსაც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა შეხვედრაზე უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესახებაც ისაუბრა. წულუკიანის თქმით, მისი ინიციატივით, კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა.

"კომისიის წევრები გახდნენ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები, ხოლო არასამთავრობო სექტორის უფრო ფართო სპექტრს საშუალება მიეცა, დემოკრატიული პროცესის სრულფასოვანი მონაწილე გამხდარიყო", - აღნიშნა წულუკიანმა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობით ევროკომისრებიც დაინტერესდნენ.

იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს დაიწყო.

კომენტარები