ოკუპირებული ტერიტორიები

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრების წინ ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება იძაბება

ზურაბ აბაშიძე

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა. მისი განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრების წინ ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება იძაბება. აბაშიძის შეფასებით, ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ეს სპეციალურად არ ხდება. 

"შეხვედრაზე განვიხილავთ სავაჭრო კავშირების აღდგენას, სატრანსპორტო კავშირების აღდგენას და ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო შეხვედრების წინ ასე იძაბება ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე, ცხინვალის რეგიონთან. იქ ყოველთვის რთული ვითარებაა, მაგრამ ასე ხაზგასმით ჩვენი შეხვედრის წინ ხდება. ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს სპეციალურად არ ხდება", - განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა ხვალ, პრაღაში გაიმართება.

ცნობისთვის, გუშინ რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცთან მავთულხლართების გავლება განაახლეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც რუსეთს ოკუპირებულ ცხინვალთან, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვარი ექნება. ეს დადგენილება უკვე დაგმო ქართულმა მხარემ და რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. 

კომენტარები