წულუკიანის განცხადება

წულუკიანი: საქართველოს მთავრობა ევროპისაკენ მტკიცე ნაბიჯებით სვლას აგრძელებს

თეა წულუკიანი

საქართველოს მთავრობა აგრძელებს მტკიცე სვლას ევროპისაკენ - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აკისრია ვიზა-დიალოგისა და ასოცირების ხელშეკრულებისთვის სამოქმედო გეგმის შესრულებაში. "საქართველოს მთავრობა აგრძელებს მტკიცე სვლას ევროკავშირისკენ. ეს არ არის რომელიმე მთავრობის არჩევანი. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ქართველი ხალხი არ ირჩევს ევრაზიულ ან რომელიმე სხვა კავშირს, მან დიდი ხანია, ევროპულ ოჯახთან ინტეგრირება არჩია. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ვილნიუსის სამიტს, როგორც ამ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ახალ სამართლებრივ გარემოზე. მისი განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან. 
"მთავრობაში მოსვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ პროკურორთა უმრავლესობამ არ იცის, რომ პროკურორმა ბრალდებულს დანაშაული უნდა დაუმტკიცოს. ეს მათ არ სჭირდებოდათ, რადგან სასამართლო დამოკიდებული იყო ჩემს წინამორბედზე, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა არჩევნების მეორე დღესვე. ჩვენ არ გვჭირდება მორჩილი სასამართლო. პირველი განკარგულება, რომელიც მე, როგორც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, გავეცი, იყო ის, რომ პროკურატურას შეეწყვიტა სასამართლოზე ზეწოლა. ჩვენ ახალი კანონებით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სასამართლოში მხარეთა შეჯიბრების პრინციპს", - აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა საქართველოში უმცირესობების უფლებებზე, რელიგიათა შორის დიალოგის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა სახის დისკრიმინაცია ამიერიდან კანონით დაისჯება.

შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა შეაფასა. "ის რეფორმები, რომელთა შესახებაც თქვენ ისაუბრეთ და რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უძღვება, სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის. ეს რეფორმები არის სწორი გზა ვილნიუსის სამიტისა და ჩვენი მომავალი თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა ბროკმა. 

კომენტარები