პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: საქართველოს რეგიონული ამბიციები არ შეიძლება ჰქონდეს

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ფრანგული გამოცემა Le Point საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს მიეძღვნა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ურეკის რეზიდენციაში დაახლოებთ 50 წუთის განმავლობაში ესაუბრა და ამ დროის განმავლობაში პრემიერს არცერთხელ არ უხსენებია NATO-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის სურვილი. სამაგიეროდ, ბევრი ილაპარაკა ჩრდილოელ მეზობელთან დაახლოებაზე.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მილიარდერი პრემიერი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, საქართველოს საბაჟო და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავს, რაც მან ბოლო პრესკონფერენციაზე თავის განცხადებაშიც დაადასტურა.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და მისი ეკონომიკის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა და ტურიზმია. ივანიშვილმა ამ მხრივ მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება, პრემიერის მტკიცებით, მისი მთავრობის დამსახურებაა რუსეთში ღვინისა და ბორჯომის ექსპორტის განახლება და რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას 5-დან 7 წლამდე დასჭირდება.

პრემიერს კითხვები კონფლიქტების მოგვარების გზებზეც დაუსვეს. ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონული ამბიციები არ უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ პრობლემას ომით ვერ გადავწყვეტთ, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რეგიონული ამბიციები, როგორც ამას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ჩვენ მათზე არ უნდა ვილაპარაკოთ როგორც ტერიტორიებზე, ისინი ჩვენი ძმები და დები არიან. ჩვენ წავახალისებთ აფხაზებსა და ოსებს, რომ დაბრუნდნენ, როდესაც საქართველო უფრო მიმზიდველი და აყვავებული გახდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრმა ინტერვიუში პრეზიდენტის და წინა ხელისუფლების მიმართ ბრალდებებიც გაიმეორა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თავად მოჭრა ყველა გზა დიალოგისკენ.
"სააკაშვილმა მთელი თავისი ენერგია დახარჯა იმაზე, რომ დასავლეთში რეფორმატორისა და დემოკრატის იმიჯი შეექმნა, მაგრამ ამის პარალელურად, საქართველოს ციხეები გავსებული იყო. სააკაშვილი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რუსეთთან 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობა მას არ აკისრია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.

კომენტარები