ინციდენტი ბათუმში

აბაშიძე ბათუმის ინციდენტზე: ლაკაევის რუსეთისთვის გადაცემას არ გამოვრიცხავ

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე ბათუმში მომხდარი ინციდენტის, შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქის, იუსუფ ლაკაევის რუსეთისთვის გადაცემას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამის შესახებ შესაბამისი უწყებები რუსეთის მომართვის საფუძველზე იმსჯელებენ.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ ჯიჰადის შესაძლო გამოცხადებას, აბაშიძის თქმით, კონკრეტულ კრიმინალს ჯიჰადთან საერთო არ აქვს.

შსს-ს ცნობით, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, რომ 1993 წელს დაბადებული ფირუზ წულუკიძე, ქ. ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მალავდა. მოქალაქე, რომელსაც წულუკიძე მალავდა, საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას ასევე ბათუმში დროებით მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული თემურ ბახუნდარიძე უწევდა.

დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ ბათუმში პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა პირი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვეს. აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და პოლიციელების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიჭრნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი.დ და მოქალაქე ე.ხ. პოლიციამ თავდამსხმელის მისამართით საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი დაიჭრა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელიც და მისი თანხმლები პირები - ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე ადგილზევე დააკავეს.

თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქე და საქართველოში არალეგალურად მყოფი 1988 წელს დაბადებული იუსუფ ლაკაევია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის გაწევისა და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სსკს-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით.

 

 

კომენტარები