გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს წამგებიანს უწოდებს

გია ხუხაშვილი

საქართველოს მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს წამგებიანს უწოდებს. ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი აჭარბებს, როდესაც ამბობს, რომ სამუშაოების 80% შესრულებულია.

"ეს პროექტი ხარჯიანია არა მხოლოდ მშენებლობის, არამედ ექსპლუატაციის პროცესშიც. ის საზიანოა რკინიგზისთვის. პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა თავის დროზე აბსურდული პროექტი ჩაიფიქრეს და რადგან მათ ფული გადაყარეს, ჩვენც იგივე გავაგრძელოთ?!", - განაცხადა ხუხაშვილმა. 
ხუხაშვილის თქმით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყნებში ვაგზალი ქალაქშია, რათა მგზავრების გადაადგილება მოსახერხებელი იყოს, ხოლო რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს, ხუხაშვილის აზრით, ამ მხრივ გარკვეული დისკომფორტი იქმნება, თუმცა მისი მოგვარება სხვაგვარად შეიძლება. 
"ფინანსურად კი პროექტი იმის 10 პროცენტსაც ვერ ამოიღებდა, რაც ეს პროექტი ჯდება. შესაბამისად, არგუმენტი ძალიან ბევრია. გასაგებია პრეზიდენტის და ქალაქის მერის "ლოგიკა" - ქურდს ქუდი ეწვის და ასევე, მათ იციან, რომ ეს პროექტი მათი პრესტიჟის საქმეა", - აღნიშნა ხუხაშვილმა. 
თბილისის შემოვლითი რკინიგზა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ მშენებლობის შეჩერება ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს და ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ის წინა მთავრობის წამოწყებული პროექტი იყო. 

კომენტარები