საქართველოს ნაკრები

ქეცბაია: ვამაყობ, რომ რაღაცას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის

Temur Ketsbaia
Tabula

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

"ფრანგებთან მატჩმა ფეხბურთელებს ბევრი ენერგია წაართვა და, როგორც ჩანს, დაკარგულის აღდგენა ვერ მოასწრეს. ის მოთამაშეები, რომლებსაც კლუბში იშვიათად ეძლევათ თამაშის შესაძლებლობა, აშკარად არ აღმოჩნდნენ მზად ასეთი დატვირთვისთვის", - ასე ახსნა ქეცბაიამ 10 სექტემბერს, ფინეთთან წაგებული მატჩი.

ნაკრების მწვრთნელმა, ფეხბურთელებთან სხვადასხვა დროს წარმოქმნილ კონფლიქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემა მოთამაშეთა პიროვნულ თვისებებშია.

"ყენია და გოგუა მადრიდის რეალში თამაშობენ და ჩვენ მაინც არ ვიძახებთ? ანდა, სად თამაშობს გოგუა? არ გაინტერესებთ, რატომ ჰქონდა კონფლიქტი ყველგან, სადაც კი უთამაშია? ნორმალურია, ყენია მაშინ ჩამოვიდეს, როცა თავად მოუნდება, ან ნაკრები ახალ კლუბში გადასასვლელად დასჭირდება? თანაც, ამბობს, მე ასე მინდა და თუ არ მოგწონთ, ცივი წყალი დალიეთო! ყენიაზე უკეთესი ფეხბურთელები მყავდნენ ნაკრებში! გოგუა და ყენია რომ ყოფილიყვნენ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდოდით? მათი ნათამაშები ფეხბურთი ჯერ არავის უნახავს, ეს თავხედი ბავშვები კი გამოდიან და ყველას ჭკუას ასწავლიან. ამიტომაც არის, ვერც ნაკრებში რომ ვერ თამაშობენ და ვერც კლუბში. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ პიროვნული თვისებების გამო ფეხბურთს ვერსად თამაშობენ!" განაცხადა ქეცბაიამ.

საფრანგეთთან და ფინეთთან შეხვედრებში, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ჯაბა კანკავა იყო. თუმცა, 10 სექტემბრის მატჩის შემთხვევაში, ეს იმ მომენტამდე ითქმის, სანამ კანკავამ მეორე ყვითელი მიიღო და მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა ფეხბურთელი ტაშით გააცილეს, რაზეც ქეცბაიამაც გააკეთა კომენტარი.

"მთავარია, ჯაბა ხვდება, რომ გუნდი მნიშვნელოვან მომენტში დააღალატა. თუმცა, გაძევების შემდეგ მაყურებელმა კანკავას ტაში რომ დაუკრა, ესეც ჩვენი მენტალიტეტის მაჩვენებელია. არ ვამბობ, სტვენით უნდა გაეცილებინათ-მეთქი, მაგრამ ტაში რაღა იყო? იმედია, ეს კარგი მაგალითი იქნება ჯაბასთვის და საბოდიშოდ აღარასდროს გაუხდება საქმე. არადა, საფრანგეთსა და ფინეთთანაც კანკავა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ჩემს ბოდიშს, კარგად ვიცი, რომ გულშემატკივარი შედეგს ელის, მაგრამ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ და ვეცდებით, მომავალში კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. გულშემატკივარს ბოდიში იმ ხალხისგან ეკუთვნის, ვისაც ქართული ფეხბურთის დახმარება ევალება, ვინც ამ წლების განმავლობაში კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა ქართული ფეხბურთი!" - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ინტერვიუში ქეცბაიამ დაადასტურა, რომ ნაკრებს კიდევ 2 წლის განმავლობაში უთავკაცებს. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის ნაკრების მწვრთნელობა, ქეცბაიამ ასე უპასუხა:

"უდიდესი პასუხისმგებლობაა და პატივია, იყო შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი! ძალიან რთულია, მაგრამ ადვილ საქმეს ხომ ნებისმიერი გააკეთებს?! სამუშაოს პოვნა არ გამიჭირდება, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა იშვიათად ეძლევა ადამიანს და ვამაყობ, რომ რაღაცას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის!".

კომენტარები