ამომრჩეველთა სიები

სამართლიანი არჩევნები: ამომრჩევლის პირადი ნომრის გასაჯაროება კანონდარღვევაა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო. ორგანიზაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართავს.

"2013 წლის 10 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინტერნეტ გვერდზე განათავსა მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისი რეგისტრაციის სტატუსის შესახებ და გაეცნოს ხელახალი რეგისტრაციის პროცედურებს. აღნიშნული ბაზა, რომელიც საჯაროა, შეიცავს, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და პირად ნომერს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ნაწილს მიეკუთვნება ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი, სქესი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამომრჩევლის პირადი ნომრის გასაჯაროება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის" მოთხოვნებს. "სამართლიანი არჩევნები" მიესალმება მის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების გათვალისწინებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის შექმნას, თუმცა მიიჩნევს, რომ არ უნდა მომხდარიყო მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება და საყოველთაო ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნები მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ მისი საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება.

"მივმართავთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაც, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა პირადი ნომრების ფარულობა; ასევე, დაიწყოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მოქალაქეების მიერ საკუთარი თავის აღნიშნულ სიაში გადამოწმებისა და ხელახალი რეგისტრაციის გავლის მიზნით", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.

სერვისების განვითარების სააგენტომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სრული სია გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი საარჩევნო სიაში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ რეგისტრაციას 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის. ამასთან, ის მიიღებს პირადობის ახალ მოწმობას უფასოდ და გათავისუფლდება რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმისაგან (5 ლარი). აქციას მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ძალაში შესული "საარჩევნო კოდექსის" ცვლილების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები, სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სახლი განახორციელებენ. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთან დაკავშირებით NDI-ის რეკომენდაცია გაითვალისწინა.

კომენტარები