უწყებათაშორისი კომისია

თეა წულუკიანი: უწყებათაშორისი კომისია არ დგას სასამართლოზე მაღლა

თეა წულუკიანი

უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ერთი რეკომენდაცია  ცესკო-ს შეეხება, ხოლო მეორე - პარტიების აქტივისტებს. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, კომისიამ იმსჯელა ორმაგი მოქალაქეობის პირებისათვის საპრეზიდენტო კანდიდატად დაურეგისტრირებლობის თემაზე.

"შევთანხმდით იმაზე, რომ ამ კომისიას არ აქვს  კანონის განმარტების უფლებამოსილება. ეს კომისია არ დგას სასამართლოზე მაღლა. სასამართლომ იმსჯელა და კონსტიტუცია განმარტა ისე, როგორც განმარტა, თუმცა ხარატიშვილის უცაბედმა გადადგომამ, რომელსაც ზოგიერთმა თანამდებობის მიტოვებაც კი დაარქვა, მართლაც  დიდი დარტყმა მიაყენა ცესკო-ს და ამ პერიოდში არის გარკვეული შეუსაბამობები. როგორც ჩანს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ზოგი კანდიდატი დაარეგისტრირეს, ზოგი - არა. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ახალი თავმჯდომარის პირობებში ყველა ღონეს მიმართოს ცესკო-მ, რათა თითოეულ კანდიდატს მიუდგეს მაღალი პროფესიონალიზმით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, წულუკიანის განცხადებით, ის პარტიის აქტივისტებზე გასცეს. მისი თქმით, უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ რომელიმე პარტიის აქტივისტს არაფერი ესაქმება სხვა პარტიის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

"ამიტომ ყველა აქტივისტმა თავი უნდა შეიკავოს და არ მივიდეს იმ შეხვედრაზე, სადაც კონკურენტი პარტია მართავს შეხვედრას", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ფოტოებიც განიხილეს. წულუკიანის თქმით, ბურჯანაძის გუნდმა მიაწოდა  26 აგვისტოთი დათარიღებული ფოტოები.

"ამ ფოტოებში ჩანს ერთი მოქალაქე სამოქალაქო ტანსაცმელში და პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის პოლიციის თანამშრომელი. ფოტო გადავეცით შს მინისტრის მოადგილეს, რომელიც გადაამოწმებს, ვინ არის ეს ადამიანი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ყველა საჯარო მოხელემ კარგად უნდა გაიგოს, რა არის აკრძალული და ეს წესები თითოეულმა საჯარო მოხელემ აუცილებლად უნდა დაიცვას.

უწყებათაშორისმა კომისიამ რიგგარეშე სხდომა პარტია საქართველოს გზის თხოვნის საფუძველზე გამართა. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორმაგი მოქალაქეობის გამო უთხრა. ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორივე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

კომენტარები