ოკუპირებული ტერიტორიები

შარაშენიძე პუტინის დადგენილებაზე: საჭიროა, საქართველოს საპასუხო ქმედებები

რადიო "თავისუფლება"

GIPA-ს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, დროა, საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთთან მიმართებით მკაცრ განცხადებებსა და ქმედებებზე გადავიდეს. ამის შესახებ შარაშენიძემ ტაბულას ვლადიმირ პუტინის იმ დადგენილებაზე საუბრისას განუცხადა, რომელიც ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან ე.წ საზღვრის გავლების ხელშეკრულების გაფორმებას ეხება. პოლიტოლოგის თქმით, ცალმხრივი ქმედებების რესურსი შესაძლოა, მალე ამოიწუროს და თუ საქართველო მხოლოდ ზეწოლას მიიღებს, ეს ოდესღაც უნდა აისახოს საპასუხო ქმედებებზეც.

"მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრივი აზრი.საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რას წარმოადგენს რუსეთი, რა პასუხს იღებს საქართველო იმ ჟესტების და ნაბიჯების საპასუხოდ, რომელიც გადაიდგა. ეს არის რუსი ჯაშუშების გამოშვება, ანტირუსული რიტორიკის გაუქმება, ტელეკომპანია "პიკის" დახურვა, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე უარის თქმა და სხვ. სამაგიეროდ, როცა ვიღებთ ასეთ პასუხს, ეს პირველ რიგში, უნდა დაინახოს საზოგადოებამ და თუ საზოგადოება იქნება ინფორმირებული, მთავრობაც გასცემს ადეკვატურ პასუხს. სახელმწიფოს მთავრობის პოლიტიკა აქამდე გათვლილი იყო რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისკენ. ამას ცდილობდნენ თავის დროზე შევარდნაძე და სააკაშვილი, მაგრამ ყველაფერი მთავრდებოდა კრახით. ღმერთმა ქნას, ამ მთავერობას გამოუვიდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავდით, რომ მეტი დიპლომატიური გამოცდილების და რეპუტაციის მქონე შევარდნაძემაც ვერ მოახერხა სიტუაციის დარეგულირება. ამიტომ, საჭიროა საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთთან მიმართებით მკაცრ განცხადებებსა და ქმედებებზე გადავიდეს" - აღნიშნავს შარაშენიძე და დასძენს, რომ საქართველო ისევ უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში.

"აქამდე, შეიმჩნეოდა გაპასიურება ამ მხრივ, არ ვეწინააღმდეგებოდით რაღაცებში რუსეთს, არ ვსვამდით რაღაც საკითხებს მწვავედ, რაც უნდა გამოვასწოროთ.. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის რუსეთს. ჩვენ დიპლომატიური რესურსის გარდა, ამ ეტაპზე არაფერი არ გაგვაჩნია.. დიპლომატიური რესურსი მაშინ არის ძლიერი, როცა გვერდით გიდგანან დასავლელი პარტნიორები. ისინი კი, მხარში გიდგანან მხოლოდ მაშინ, როცა შენ იღებ ხმას. თუ შენ ხმას არ იღებ, ისინიც დაგივიწყებენ. ამიტომ, არასდროს არ უნდა გავწიოთ უკანა პლანზე ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგი, ეს უნდა იყოს ყოველთვის ძალიან აქტიური" - აცხადებს ესპერტი საერთაშორისო საკითხებში. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, არც საქართველოს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია საზღვრის შესახებ რუსეთის დადგენილებისთვის ხელის შეშლა.
"მაგრამ საქართველოს საგარეო სამინისტრომ უნდა დააფიქსიროს შესაბამის ნოტაში, რომ ეს არის უკანონო და როცა აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქართული მხარე გააბათილებს ამ ხელშეკრულებებს და ამისთვის გამოიყენებს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ჩვენს გვერდით არის" - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

ცნობისთვის, მოსკოვი ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან ოფიციალური საზღვრის დაკანონებას აპირებს. ვლადიმირ პუტინმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის გავლების ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება უკვე გასცა. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის გაფორმებით, რუსეთი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმის დაწესებას და კონტროლის გაძლიერებას შეძლებს. თბილისში პუტინის განკარგულებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებენ. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ამ განკარგულებას იურიდიული ძალა არ აქვს და პანიკის ატეხვის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მომავალ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძის თქმით, განსახილველი საკითხების გარდა, ის შეეხება რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თემას და შეშფოთებას გამოთქვამს.

 

კომენტარები