27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

თამარ ჟვანია: ცესკო მედიისთვის დაწესებული რეგულაციების საკითხს განიხილავს

pirveliradio.ge

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების დღეს მედიისთვის დაწესებული რეგულაციების საკითხს ცენტრალური საარჩევნო კომისია აუცილებლად განიხილავს. თუმცა, ჟვანია ვერ აკონკრეტებს, შეცვლის თუ არა საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებს. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან აღნიშნულ თემაზე წინასწარი საუბარი გვქონდა. ეს კომისიის სამსჯელო თემაა. წინასწარ ვერ გეტყვით გაუქმდება თუ არა დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები, ამაზე ცესკომ უნდა იმსჯელოს. ჩვენ მოვისმენთ მედიის წარმომადგენლების არგუმენტებსა და პოზიციას და შემდგომ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

ცესკოს მიერ 2012 წლის სექტემბერში მიღებულ დადგენილებაზე დღეს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა იმსჯელა. ჯგუფი ცესკოს რეკომენდაციით მიმართავს - გადახედოს დოკუმენტს და მასში ჩადებული ნორმები შეცვალოს. მაგალითად, დადგენილების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ფოტოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან. ამასთან, თუკი მედიასაშუალების წარმომადგენელი კენჭისყრის შენობას დატოვებს, ის შემდგომ დაბრუნების და ფოტო-ვიდეოგადაღების წარმოების უფლებას კარგავს. დოკუმენტში მედიასაშუალებებისათვის სხვა შეზღუდვებიც არის დაწესებული. 

ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები და რეგულაციები მედიას არ სჭირდება და ამ თვალსაზრისით სრულიად საკმარისია საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები. ქუცნაშვილის თქმითვე, ინტერფრაქციული ჯგუფი ცესკოს ზედამხედველი ორგანო არ არის და მას მხოლოდ რეკომენდაციები გააჩნია.

ცნობისთვის, დადგენილების გადახედვას და მასში ჩადებული ნორმების შეცვლას ცესკოს წევრთა ცხრა ხმა სჭირდება.

 

კომენტარები