ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: ცხინვალსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება უბრალო ქაღალდი იქნება

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ე.წ საზღვრის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი ცხინვალის მარიონეტულ მთავრობასთან აფორმებს, უბრალო ქაღალდი იქნება და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს. მისი თქმითვე, რუსეთის მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილება პირველი არ არის და ის, რასაკვირველია, უკანონოა. 

"ამ ტიპის გადაწყვეტილება, როცა რუსეთი ოკუპაციას განაგრძობს, პირველი არ არის და ბუნებრივია, ეს უკანონოა. რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს არის საქართველო-რუსეთის საზღვარი. შესაბამისად, ამგვარი დადგენილების მიღება უკანონოა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს. დადგენილება უბრალო ქაღალდი იქნება, შესაბამისად, ეს არაფერს ნიშნავს", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. სახელმწიფო მინისტრის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, რადგან მათზე ამგვარი პრობლემები უშუალოდ აისახება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო ქვეყნის მთავრობის შეთავაზება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა სათანადო მოლაპარაკებები აწარმოოს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.

"დაევალოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამართოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან და მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას", - წერია დოკუმენტში.

ვლადიმირ პუტინის განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას უკვე გაუგზავნა საპროტესტო ნოტა.

კომენტარები