საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ენმ ზეწოლის ფაქტებზე უწყებათაშორისი კომისიისგან რეაგირებას მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართული ოცნებისა და მისი აქტივისტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ზეწოლის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლის ფაქტებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. პარტია სოფელ ასურეთში საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის მოსახლეობასთან შეხვედრის ფაქტზეც საუბრობს.

"2013 წლის 12  სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან მორიგ საარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: სოფელ ასურეთის მცხოვრები, თემურ ბეგიაშვილი და სოფელ ღოუბანის მცხოვრები, ნუგზარ ჩომახაშვილი. თემურ ბეგიაშვილმა პროვოკაციული ქმედებებით და შეძახილებით სცადა საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა (ქართული ოცნების აქტივისტები). ნუგზარ ჩომახაშვილმა კი, ამოიღო ვიდეოკამერა და დაიწყო შეხვედრის მონაწილეების გადაღება, მხარდამჭერების დაშინების მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობისა და ენმ აქტივისტების ძალისხმევით პროვოკაციის აღკვეთა მოხერხდა. მოგვიანებით, შეხვედრამ თეთრიწყაროს საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. იგივე პიროვნება ნუგზარ ჩომახაშვილი სხვა ქართული ოცნების აქტივისტებთან ერთად გადაადგილდებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე", - წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა სხვა ფაქტებსაც ასახელებს. "ანალოგიურ ფაქტებს ადგილი ჰქონდა: ქ. ზუგდიდში, პრაიმერიზის დროს მომხდარი ინციდენტი (2013 წლის 10 ივლისი), ხონის რაიონში (2013 წლის 12 აგვისტო), ახალციხის რაიონში სოფელ საყუნეთში (2013 წლის 23 აგვისტოს), 2013წლის 9 სექტემბერს 18:00 საათზე ქ. თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე", - წერს ნაციონალური მოძრაობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედოვნებს, რომ ამჯერად სოფელ ასურეთის ფაქტი უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება.

 

კომენტარები