NASA

Voyager 1-მა მზის სისტემა დატოვა

nasa.gov

კოსმოსურმა აპარატმა Voyager 1-მა მზის სისტემა დატოვა. ის კაცობრიობის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი გახდა, რომელმაც ჰელიოსფეროს საზღვარი გადაკვეთა და ვარსკვლავთაშორის სივრცეში გავიდა. ასეთ დასკვნამდე აპარატიდან მიღებული მონაცემების შესწავლის შემდეგ NASA-ს სპეციალისტები მივიდნენ.

Voyager 1 და Voyager 2 1977 წელს გაუშვეს. მათი თავდაპირველი მისია მზის სისტემის პლანეტების შესწავლა იყო. აპარატების მეშვეობით იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის, ასევე მათი თანამგზავრების უნიკალური ფოტოები იქნა მოპოვებული. Voyager-ებზე უცხო ცივილიზაციებისთვის კაცობრიობის გზავნილიც არის მოთავსებული.

Voyager 2-იც მზის სისტემის საზღვარს უახლოვდება და მას დაახლოებით სამ წელიწადში მიაღწევს. ამჟამად Voyager 1 მზისგან 19 მილიარდ, ხოლო Voyager 2 - 14 მილიარდ კილომეტრში იმყოფება. მოძველებული აღჭურვილობის მიუხედავად, აპარატებმა გათვალისწინებულზე ბევრად დიდხანს იმუშავეს და მეცნიერებს ძალზე მნიშვნელოვანი ცნობები მიაწოდეს.

Voyager-ების გენერატორებს, რომლებიც პლუტონიუმ 238-ზე მუშაობს, რესურსი სავარაუდოდ 2025 წლისთვის ამოეწურებათ.

კომენტარები