საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკოს ისევ მიმართა

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ მიმართა. დოკუმენტი ცესკოში ზურაბიშვილის წარმომადგენლებმა შეიტანეს. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ცესკოში თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, არჩევამ ახალი გარემოება შექმნა.

"ცესკოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნით ახალი გარემოება შეიქმნა და ლოგიკურია, რომ თავიდან გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რაც კანდიდატად რეგისტრაციისთვის არის აუცილებელი. არა მგონია, რომ ჩემი კანდიდატურის მიმართ რამე შეიცვალოს, რადგან ვიცი, რომ ჩემთან დაკავშირებით მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერტიკალის ყველაზე მაღალ დონეზე და აღარ შეიცვლება, მაგრამ ველოდები სხვა რამეს - ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მსურს გავიგო, ის რამდენად პრინციპულია", - თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ის უკვე დარწმუნდა, რომ საქართველოში სასამართლო პოლიტიკურად მართულია და ახლა სურს, დაინახოს, რა ხდება ამ მხრივ ცესკოში.

"მნიშვნელოვანია, ცესკოს ახალი თავმჯდომარე რამდენად იტყვის, რომ რაც ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით მოხდა, იყო უკანონო და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო არ არსებობს და არის პოლიტიკურად მართული. ახლა მინდა ვნახო, ცესკო არსებობს თუ ისიც პოლიტიკურად მართულია?", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკომ უარი 3 სექტემბერს უთხრა. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებს და კანონს ვერ დაარღვევს. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტს ეფუძნება.

ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ზურაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ასევე არ დააკმაყოფილა.

 

კომენტარები