დევიდ მაქქროუ

დევიდ მაქქროუ - ბიზნესი კარგავს ბეჭდური პროდუქტის რწმენას

David Mccraw

თანამედროვე ტექნოლოგიების გაჩენამ ტრადიციულ მედიასაშუალებებს პრობლემები შეუქმნა – ისინი მკითხველს კარგავენ, რადგან ადამიანები ახალი ამბების გაგებას ინტერნეტით ამჯობინებენ.

რა არის ტრადიციული მედიასაშუალებების მთავარი გამოწვევა, როგორ ინარჩუნებს ის მკითხველს და უმკლავდება გამოწვევებს, ამ თემებზე ტაბულა ბათუმში მყოფ New York Times-ის ვიცეპრეზიდენტსა და სამართლებრივ საკითხებში მრჩეველს, დევიდ მაქქროუს, ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, ინტერნეტი და სხვა ახალი საშუალებები როგორ მოქმედებს ტრადიციულ მედიაზე? გგონიათ, რომ ბეჭდური მედია გაქრება?

მედიაბაზრის შეფასებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ მკითხველები და რეკლამის შემკვეთები პროდუქტზე. ამ დროისთვის ბიზნესი კარგავს ბეჭდური პროდუქტის რწმენას, რადგან მკითხველთა ნაწილი ახალ ამბებს მისი მეშვეობით აღარ ეცნობა. გამოცემის ტირაჟი კი ძირითადად რეკლამაზეა დამოკიდებული. ბაზარზე მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი მიზეზი კულტურული ცვლილებებიცაა – ჩვენ ვიცვლით ჩვენს შეხედულებებს, ზოგადად, ახალ ამბებზე. რეკლამის შემკვეთებს უამრავი ახალი არჩევანი აქვთ.

ვფიქრობ, ახლო მომავალში ბეჭდური მედია კვლავ შეინარჩუნებს თავის ადგილს ბაზარზე, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომლისთვისაც ახალი ამბების მისაღებად ის კვლავ საუკეთესო და უალტერნატივოა.
გერმანიაში ვიყავი და იქ ვნახე, როგორ იხურება წიგნის მაღაზიები და რამხელა პრობლემები აქვს ამ ბიზნესს. ადამიანებს ურჩევნიათ წიგნები ამაზონიდან იაფად ჩამოიწერონ და ისე წაიკითხონ. ამერიკაში ამ მხრივ შერეული სიტუაციაა – ბევრი კვლავ ბეჭდური წიგნების ერთგული რჩება, ბევრიც ელექტრონულ წიგნებზე აკეთებს არჩევანს.

დღეს ახალი ამბების გაგებას ბევრი ინტერნეტის მეშვეობით ამჯობინებს, თუმცა არც ის არის უფასო. ჩვენ შეგვიძლია მკითხველს ახალი შესაძლებლობები შევთავაზოთ – თითქმის ყველა ბეჭდურ გაზეთს ვებგვერდიც აქვს. მყიდველს შეუძლია, ჟურნალის ან გაზეთის შეძენით, ბევრად უფრო იაფად მოიპოვოს ვებგვერდის სრულად გამოყენების შესაძლებლობაც.

ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ჟურნალისტი გახდეს. ასეთი ჟურნალისტები სტანდარტებს არ იცავენ. რა ზემოქმედებას ახდენს ბლოგოსფერო პროფესიულ სტანდარტებზე და რესპექტაბელურ მედიაზე?

ამ შემთხვევაში რამდენიმე საკითხი უნდა გავითვალისწინოთ. მედიის თავისუფლების ასეთი მაღალი სტანდარტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმით იყო უზრუნველყოფილი, რომ არსებობდნენ პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე რედაქტორები ჰყავდათ.

ახლა ამ მხრივ პრობლემებია. New York Times-ში ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ღია სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს. ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ ეს ჩანაწერი გამოვითხოვეთ, თუმცა მოსამართლემ უარი გვითხრა. მას შეეშინდა, რომ ეს კადრები youtube-ზე მოხვდებოდა. ვიდეოზე ერთ-ერთი პოლიტიკოსი იყო აღბეჭდილი მეგობარ გოგონასთან ერთად.

მსოფლიოში, სადაც ყველას შეუძლია გამომცემელი იყოს და ყველას შეუძლია ჟურნალისტი დაირქვას, ერთადერთი, რაც მაღალპროფესიულ მედიას შეუძლია, გააკეთოს, სტანდარტების დაცვაა. დღევანდელ მსოფლიოში რთულია საკუთარი ხმა ვინმეს გააგონო, როცა გარშემო ასეთი ხმაურია.

ამ პროცესებს სხვა მხრივაც შეიძლება შევხედოთ. ახლა პროფესიონალ ჟურნალისტს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს – მას ინფორმაციის მიღების და გავრცელების უამრავი საშუალება გაუჩნდა. მას შეუძლია იცოდეს რას ფიქრობს ხალხი, რას ფიქრობენ პოლიტიკოსები. მას შეუძლია საკუთარი სტატია უკეთ გაავრცელოს facebook-ისა და Twitter-ის მეშვეობით.

თქვენ თქვით, რომ ტირაჟი რეკლამაზეა დამოკიდებული. რეკლამა ბიზნესიდან მოდის. რამდენად მოქმედებს ბიზნესი სარედაქციო თავისუფლებაზე?

New York Times-ი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს სარედაქციო დამოუკიდებლობას. ეს ერთგვარი ტრადიციაა. ვფიქრობ, ეს უფრო მცირე გამოცემებისთვის წარმოადგენს პრობლემას. მათ წინაშე უფრო სერიოზული ფინანსური გამოწვევები დგას. ხშირია, როცა გაზეთი წერს იმ თემებზე, რაც რეკლამის დამკვეთისთვისაა მნიშვნელოვანი – სტატია რეკლამის ნაწილი ხდება. მთავარია, არ დაკარგო სანდოობა – ამ შემთხვევაში მკითხველს დაკარგავ, რაც რეკლამასაც წაგართმევს.

2011 წელს, ვიკილიქსის სკანდალის დროს, რამდენიმე ცნობილ მედიასაშუალებასთან ერთად New York Times-ი ერთ-ერთი იყო, რომელმაც საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. ჯულიან ასანჟის მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ პრესის თავისუფლების, ციფრული დროისა და ჟურნალისტიკის მომავლის შესახებ დებატები გამოიწვია. New York Times-ში თქვენ ის ადამიანი იყავით, ვინც წყვეტდა, რომელი დოკუმენტის გამოქვეყნება იქნებოდა უსაფრთხო. იქნებ გვესაუბროთ ამ სკანდალის სამართლებრივ და ეთიკურ მხარეებზე, რამდენად რთული იყო ამ დოკუმენტებთან მუშაობა?

როცა ამხელა შესაძლებლობა გაქვს, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენ ვგრძნობდით ამას. ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა, რომ ეს დოკუმენტები მსოფლიოში კონტექსტის გათვალისწინებით გაგებულიყო. ძალიან რთული იყო მათი წაკითხვა, გაგება, დახარისხება, კონტექსტის მოძებნა და მათზე წერა. გამოქვეყნებამდე ბევრს ვფიქრობდით, შეუქმნიდა თუ არა რომელიმე დოკუმენტი ვინმეს პრობლემას. ჩვენ თითოეული დოკუმენტის გამოქვეყნებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით.

ამ შემთხვევამ რამდენიმე რამ აჩვენა. პირველი ის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ძალიან კარგად. ბევრი ადამიანი დარწმუნდა, რომ იქ ჭკვიანი და ერუდირებული ხალხია. მაშინ როცა მსოფლიოში ამდენი შეშლილია.

მეორე – ვიკილიქსის სკანდალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორ არის დაცული აშშ-ში მედიის თავისუფლება. მთავრობას არცკი უცდია მედიის შეჩერება ან მისთვის პრობლემების შექმნა. ყველას კარგად ესმოდა, რომ მთავრობის როლთან ერთად, საზოგადოებისთვის მედიაც ძალიან მნიშვნელოვანია.

წამყვან მედიასაშუალებებს ხშირად ადანაშაულებენ ტენდენციურობაში. ამ საკითხს როგორ უყურებთ?

ვფიქრობ, წამყვანი მედიასაშუალებები ყოველთვის ცდილობენ, იყვნენ მიუკერძოებლები და სტანდარტები დაიცვან. ეს მათი რეპუტაციისთვისაა მნიშვნელოვანი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მხრივ ევროპისგან განსხვავებული ტრადიციაა. ვფიქრობ, ადამიანებში ტენდენციურობის განცდას უფრო სტატიების თემები ქმნის. ჩვენ ვწერთ იმაზე, რაც ჩვენი ინტერესების სფეროში ხვდება, მკითხველისთვის კი – საინტერესოა. ზოგჯერ გვეკითხებიან, რატომ არ ვეხებით სხვა თემებს, მაგრამ ამაზე პასუხი მარტივია – ჩვენ მკითხველზე ორიენტირებული მედია ვართ.

 

კომენტარები