საქართველოს პარლამენტი

დავითაშვილის კანონპროექტით, ენმ-ის წევრები თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენ

პრეზიდენტობის კანდიდატისა და პარლამენტარის, კობა დავითაშვილის ინიციატივით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თანამდებობის პირებს შესაძლოა სახელმწიფო თანამდებობების დაკავებაზე შეზღუდვები დაუწესდეთ, რასაც კანონი მხოლოდ კომუნისტური პარტიის ყოფილი თანამდებობის პირებისთვის აწესებს.

დავითაშვილის უკვე ოფიციალურად ინიცირებული კანონპროექტი, "თავისუფლების ქარტიაში" ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელიც დღეს შემდეგ პირებს უწესესებს თანამდებობრივ შეზღუდვებს: სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები, სსრკ-ის და ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები და იმ პერიოდის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.

აღსანიშნავია, რომ თავად დავითაშვილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი იყო. ამასთან დაკავშირებით დეპუტატმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ "კანონის ეს შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის - ჩემზეც".

კომენტარები