საპრეზიდენტო არჩევნები 2013

სოზარ სუბარი სამინისტროს თანამშრომლების სახელზე მიმართვას ავრცელებს

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროს თანამშრომლებისადმი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სამინისტრო პატივს სცემს ყველა ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლებას და მზადაა, თითოეული მოსამსახურის, ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის უფლება დაიცვას.

"მოგმართავთ სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, დაიცვათ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და, შესაბამისად, დაემორჩილოთ არსებულ შეზღუდვებს, კერძოდ: 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება დაინიშნონ სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები და ასევე სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეები;

სამინისტროს თანამშრომელს არ აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი საარჩევნო კომისიაში ან საარჩევნო უბანზე;

სამინისტროს თანამშრომელს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოება ან აგიტაციაში მონაწილეობის მიღება სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს; 

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან დაპირება;

სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინების დროს აკრძალულია ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა", - აღნიშნავს სუბარი.

კომენტარები