საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ენმ: საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო რგოლების განთავსებაზე უარს აცხადებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ 2013 წლის 7 სექტემბერს პარტიამ მაუწყებლებს მიმართა, რათა კანონით გათვალისწინებული, წინასაარჩევნო უფასო რეკლამა პოლიტიკური პარტიისთვის განკუთვნილ დროში განთავსებულიყო. მიაწოდა რამდენიმე სახის სარეკლამო რგოლი, რომელთაგან რამდენიმეში ქართული ოცნების შეუსრულებელი დაპირებები იყო ასახული.

"მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბატონი თ. ტყემალაძის ხელმოწერით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შემოვიდა წერილი, რომელშიც მაუწყებელი უარს აცხადებს ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლების განთავსებაზე და ამას პოლიტიკური რეკლამის შეუსაბამობით ხსნის", - წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან პარტიაზე ზეწოლად აღიქმება, რაც მაუწყებლის საქმიანობაში შსს-ს თანამშრომლის უხეშ ჩარევაშიც გამოიხატა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, გადაყენების შემდეგ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ თქვა, რომ სხდომამდე ე.წ. ოდეერმა ირაკლი ციბაძემ გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლა შესთავაზა.

"ბორდის სხდომის გახსნისთანავე კამერების წინ გავაკეთე განცხადება, თუ როგორ დამხვდა ჩემს კაბინეტში ე.წ. ოდეერი, რომელიც თავისი უფროსების სახელით შემპირდა ყველაფერს, მათ შორის მინისტრობას, მომავალი ბორდის თავმჯდომარეობას, ოღონდ მე გადაწყვეტილება შემეცვალა. ისიც არ ვიცი საიდან იცოდა მან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ. ეს "ოდეერი" გახლავთ ირაკლი ციბაძე, რომელსაც არ ვიცოდი თუ ამ უწყებაში ეს ფუნქციაც ჰქონდა", - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სარეკლამო რგოლების განთავსებაზე უარი პარტიას ხელს უშლის წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვაში და დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, გადახედოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და ხელისუფლების პოლიტიკურ მანიპულაციებში არ ჩაერთოს.

 

 

 

კომენტარები