გიორგი ბარათაშვილის გადაყენება

ემზარ გოგუაძე: საიას ბრალდება უსაფუძვლოა

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება უკანონოა, უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც გოგუაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამეურვეო საბჭოს ორი წევრი - ნატალია დვალი და ნინო დანელია, სკაიპის საშუალებით მონაწილეობდნენ სამეურვეო საბჭოს სხდომაში.

"ვფიქრობ, საიას არ ჰქონდა სრული ინფორმაცია. ის წევრები, რომლებზეც საია საუბრობს, კერძოდ, ნატალია დვალი და ნინო დანელია, სკაიპის საშუალებით იყვნენ ჩართულები და მონაწილეობდნენ სხდომაში. ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ისინი მხარს უჭერენ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების დამადასტურებელი დოკუმენტი მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც გამოაგზავნეს. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მათი წარმომადგენლები, რომლებიც ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით იყვნენ მოსული და, შესაბამისად, მათ მოაწერეს ოქმს ხელი. ასე რომ, სხდომაში ჩართული იყო სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი", - განაცხადა ემზარ გოგუძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა გიორგი ბარათაშვილისთვის უნდობლობის პირველად გამოცხადების დროსაც მოხდა. გოგუაძის განმარტებით, მაშინაც ოქმს ხელი მოაწერა სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თუმცა სასამართლომ ეს ხელმოწერა ძალაში დატოვა და მისი ბათილად ცნობა არც უფიქრია. 

გოგუაძემ წარმოადგინა სხდომის ჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ საბჭოს აღნიშნული წევრები სკაიპის საშუალებით მონაწილეობენ სხდომაში. ვიდეომასალის მიხედვითვე, ისინი მხარს უჭერენ ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადებას.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის თქმითვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 12 სექტემბერს გამოცხადდება. მისი ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საბჭოს 30 დღე ექნება კანდიდატთა განსახილველად. 

"სამეურვეო საბჭო ზეგ შეიკრიბება და, შესაბამისად, ამ საბჭოს სხდომაზე გამოცხადდება კონკურსი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ 30 დღე გვაქვს, რომ განვიხილოთ კანდიდატები", - აღნიშნა გოგუაძემ.

გარდა ამისა, როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, პარლამენტში იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ შესაბამისი კომიტეტიდან ოფიციალურად მიიწვევენ.

"დიდი სურვილი მაქვს, რომ პარლამენტში მივიდე და ვისაუბრო იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საბჭომ მიიღო. მხოლოდ ელისო ჩაფიძის მოწვევით მე პარლამენტში ვერ მივალ. პარლამენტში მივალ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კომიტეტიდან იქნება ოფიციალური მოწვევა", - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილი სამერვეო საბჭომ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და პროკურატურას მიმართავს. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტიტის თავმჯდომარის მოადგილემ ელისო ჩაფიძემ წერილობითი მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განმარტებისთვის პარლამენტში დაიბარა.

კომენტარები