გიორგი ბარათაშვილის გადაყენება

საია: გიორგი ბარათაშვილის გადაყენება კანონდარღვევით მოხდა

გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენება კანონდარღვევით მოხდა და ამაზე სამართალდამცავებს დროული და ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეთ, - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი ცენტრის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით საია-მ განცხადება გაავრცელა, სადაც კანონდარღვევებს უსვამს ხაზს და პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვს.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 321 მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (საბჭოს თხუთმეტივე წევრის ნახევარზე მეტის ხმით) უნდობლობა გამოუცხადოს გენერალურ დირექტორს, ხოლო, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, სამეურვეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი, ნინო დანელია და ნატალია დვალი, რომელთაც სხდომაზე, ნოტარიულად გაცემული მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენდნენ საბჭოს ყოფილი წევრი ლევან გახელაძე და მოქმედი წევრი მამუკა ფაჩუაშვილი. ვინაიდან ნინო დანელიასა და ნატალია დვალის შემთხვევაში არასწორად მოხდა ხმის მიცემა, სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი, შვიდი ხმით მიეღო გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობასა და ხმის მიცემას წარმომადგენლის მეშვეობით.

"საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან პირადად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები. ისევე როგორც, მაგალითად, დეპუტატი არ არის უფლებამოსილი საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მინდობილობით სხვას გადასცეს, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრიც ვალდებულია პირადად განახორციელოს დაკისრებული უფლებამოსილება. მინდობილობის საფუძველზე მოქმედება დამახასიათებელია კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების სამართლებრივ ურთიერთობებში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, განცხადებაში საია ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, მაუწყებელზე მომაგრებული უშიშროების თანამშრომლის ირაკლი ციბაძის მხრიდან საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეზე ზეწოლის მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

საია-ს მედიის სამართლებრივი ცენტრი სასწრაფოდ მოითხოვს სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დროულ და ადეკვატურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მათი განმარტებით, თუ აღნიშნული ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ განხორციელდა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისათვის, ეს უნდობლობის გამოცხადების მეორე შემთხვევაა. პირველად სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა 2013 წლის 4 მარტს გამოუცხადა. 2013 წლის 29 აპრილს სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო.

კომენტარები