საპრეზიდენტო არჩევნები 2013

წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნის საფუძველზე, მისი პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას მიმართა.

თუმცა, წულუკიანს მიმართვაზე პასუხი ჯერ არ მიუღია. მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ გააკრიტიკებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად არ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ძალაში დატოვა. 

"ჩემი მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კრიტიკა არ ეგების. ის მიმართვა კი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჩემდამი, როგორც მთავრობის წევრისადმი და ეკა ბესელიასადმი, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლისადმი გააკეთა, ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა. კომისიას მივმართე დაჩქარებულად განიხილოს ქალბატონ სალომეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს კონსტიტუციის ის ორი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეც არის, ვერ იქნება პრეზიდენტი. მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა არის ის, რომ კანდიდატად დარეგისტრირებას მას კონსტიტუცია არ უკრძალავს. ზურაბიშვილის ეს მოთხოვნა იმ დღესვე დავაკმაყოფილეთ, იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერის პირადი პოზიციაა, რომ კანდიდატობის ყველა მსურველს შევუქმნათ კომფორტული პირობები", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნა და ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილს, ორმაგი მოქალაქეობიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება არ აქვს. 

თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიას 6 სექტემბერს მიმართა.

კომენტარები