საქართველოს მთავრობა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არტურ ბაღდასარიანის განცხადებაზე, რომ საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანახმაა, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემით დაინტერესება ადრეც გამოხატა და ახლაც მზად არის განიხილოს ეს ინიციატივა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ჩვენ ვადასტურებთ, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხს საქართველოს მთავრობა სწავლობს და მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე გასავლელია გრძელი გზა. მათ შორის გასარკვევია არაერთი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, ასევე, უნდა შედგეს დისკუსია და მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება.
ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება ნაადრევია", - წერია მთავრობის განცხადებაში.
Новости-Армения-ს ცნობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არტურ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი, საქართველო და ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი შეთანხმდნენ, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნაზე, რომელიც სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ამის შესახებ სერჟ სარგსიანმა და ვლადიმერ პუტინმა 3 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
"ქართულმა მხარემ თანხმობა მოგვცა, ასევე თანახმა არიან რუსული და აფხაზური მხარეები. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროცესია, რომ არსებობენ კონფლიქტური მხარეები. თუმცა მთავარია, რომ არსებობს რკინიგზის გახსნის პოლიტიკური ნება და საერთო ჯამში სარკინიგზო კომუნიკაციების განვითარების, რაც დაფიქსირებულია პრეიზდენტების საერთო განცხადებაში" - განაცხადა ბაღდასარიანმა.
ბაღდასარიანმა ასევე თქვა, რომ სარგსიანისა და პუტინის მოლაპარაკებებზე განიხილებოდა სარკინიგზო ხაზების განვითარება, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზაობა მსხვილმასშტაბიანი ფინანსური ინვესტიცია განახორციელოს სომხეთის სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში.





