ტელეკომპანია რუსთავი 2

ნიკა გვარამია: ქალბატონი ხიდაშელი არ არის საგამოძიებო კომისია

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი კომისიის სხდომაზე იბარებს. ხიდაშელის განცხადებით, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე გააკეთა, ნიკა გვარამია უარს ამბობს კომისიასთან თანამშრომლობაზე.

უმრავლესობის დეპუტატმა ტელეკომპანიების რუსთავი 2-სა და საქართველოს ფინანსურ სქემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც ტელეკომპანია საქართველო"ახორციელებდა, მოტივირებული იყო არაპირდაპირი სიკეთის მიღებით "რუსთავი 2"-სთვის. მისივე თქმით, იკვეთება "რუსთავი 2"-ის არაპირდაპირი ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

"რუსთავი 2"-ის მესაკუთრეები 2005-2009 წლის შემდეგ იცვლებიან, თუმცა ერთი და იგივე არიან, ანუ იცვლებიან ბატონი ბეჟუაშვილისგან და ხდებიან ძმები ყარამანაშვილები, თუმცა სამივე ტელევიზიაში, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ეს ადამინები ისევ გვხვდებიან. ტელეკომპანია "საქართველოს" 26 მილიონი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული, აბსოლუტურად უკანონოდ, რასაც სრული პასუხისმგებლოთ ვაცხადებ. პრეზიდენტის აქტი, რომლითაც ასეთი ნებართვა გაიცა, ტელევიზიის დაფინანსებისთვის, პირდაპირ საუბრობს სპონსორობაზე. "მაუწყებლის შესახებ" კანონი კრძალავს სატელევიზიო ეთერში გადაცემების სპონსორობას, თუმცა ტელეკომპანია "საქართველო" სწორედ ამას აკეთებდა ბიუჯეტის ხარჯზე - გადიოდა ეთერში მთლიანი გადაცემები და არა - რეკლამები, რომელიც დამზადებული იყო ბიუჯეტის თანხებით. არც ამც ამ საკითხით, იმის მიუხედავად, რომ ინფორმაცია საჯაროდ იყო ცნობილი, მარეგულირებული კომისია არც ერთხელ არ დაინტერესებულა. "საქართველოს" დაფინანსებასთან დაკავშირებით ეს ერთადერთი თემა არ არის, რომელსაც ვიკვლევდით. "საქართველო" "რუსთავი2"-ის შენობიდან მაუწყებლობდა. ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში ტელეკომპანია "საქართველომ" შეიძინა და, ჩვენ გვაქვს ძალიან ვრცელი ჩამონათვალი, რადგან 29 მილიონის ხარჯვაზე ვსაუბრობთ, 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ "რუსთავი 2"-ის საკუთრება ხდება. ამ ტელევიზიამ ძალიან საინტერესო, თუმცა ერთნაბიჯიანი სქემა განახორციელა - 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ მან იყიდა 51% წილი "რუსთავი 2"-ში და ფულის ნაცვლად შევიდა ქონებით, რომელიც მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ჰქონდა შეძენილი. გაცილებით საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: - 2012 წლის ზაფხულში დასრულდა "რუსთავი2"-სა და "საქართველოს" შორის მოლაპარაკებები და "რუსთავი 2"-სგან ტელეკომპანია "საქართველომ" იყიდა 2 ათასი კვ.მ მიწა და 4 ათასი კვადრატული ფართის შენობა-ნაგებობები. დაახლოებით 6 მილიონამდე ლარი გადაიხადა ამაში, თუმცა არჩევნების შემდეგ, როცა 51%-იანი წილის შესყიდვის ტრანზაქცია განხორციელდა, ეს მიწა უკან დაუბრუნა "რუსთავი 2"-ს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულით "რუსთავი 2_სგან რაღაც ქონება იყიდა, რის გამოც "რუსთავი 2"-მა გარკვეული ფულადი სიკეთე მიიღო და შემდეგ მიწა და შენობა-ნაგებობები მას ისევ უკან დაუბრუნდა. ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც ტელეკომპანია "საქართველო" ანხორციელებდა, მოტივირებულია არაპირდაპირი სიკეთის მიღებით "რუსთავი 2"-სთვის, ანუ ჩვენ სახეზე გვაქვს "რუსთავი 2"-ის არაპირდაპირი ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომ არაფერი ვთქვათ, პირდაპირ დაფინანსებაზე" - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით გვარამია არ თანამშრომლობს კომისიასთან. "დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას, როცა დაკითხვაზე დავიბარებთ, მოვა და პასუხს გასცემს კითხვებს, რომელსაც დავუსმვათ. არც ერთი ფურცელი და დოკუმენტი ჩვენ "რუსთავი 2"-სგან არ მიგვიღია და მუდმივად ვიღებ ბელეტრისტიკულ წერილებს იმის შესახებ, თუ რა უფლებები არა აქვს თურმე საგამოძოებო კომისიას. გვარამია კარგი იურისტია და ზუსტად ვიცი, რომ კანონები კარგად იცის, თუმცა მესმის, რატომ უჭერს მას ჩვენს კითხვებაზე პასუხების გამოგზავნა" - თქვა ხიდაშელმა.

დეპუტატის განცხადებებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. მისი თქმით, თინა ხიდაშელი თავად არ წარმოადგენს კომისიას და შესაბამისად ინფორმაცია არ მისცა არა კომისიას, არამედ თინა ხიდაშელს. გვარამიას თქმით, ხიდაშელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ კომისიამ რუსთავი 2-ისგან ინფორმაციის გამოთხოვის გადაწყვეტილება მიიღო.

"სამწუხაროდ ქალბატონი ხიდაშელის განცხადებაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, მე ვიტყოდი შეგნებული უზუსტობა, რასაც ადამიანურ ენაზე სიცრუე ქვია. პირველ წერილში ქალბატონმა ხიდაშელმა გვთხოვა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სამაუწყებლო ბადეში როგორ იქნა განთავსებული გასართობი გადაცემები - ეს მიგვეწოდებინა, მეორე წერილში გვთხოვა როგორ ხდებოდა რეკლამის განთავსება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში და რომელი კომპანია უწევდა მომსახურეობას, მესამე წერილში გვთხოვა კონკრეტული გადაცემების და შესყიდვების შემთხვევები გაგვეშუქებინა. თუ ახლა ვინმე მეტყვის რა კავშირშია ეს რუსთავი 2-ის წილებთან ძალიან მადლობელი ვიქნები, იმედია ქალბატონი ხიდაშელი ამას განმარტავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩვენი კომერციული საიდუმლოებაა, გავცემდით პასუხს იმ ვითარებაში თუ კანონით უფლებამოსილი ორგანო მოგვმართავდა ამის თაობაზე. კანონით უფლებამოსილი არის მხოლოდ საგადასახადო ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები და ერთადერთი გამონაკლისია საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია.

ქალბატონი ხიდაშელი არ არის თვითონ საგამოძიებო კომისია, ის ამ კომისიის თავმჯდომარეა და როდესაც გვწერს წერილებს, ჩვენ მას განვუმარტეთ და ვუთხარით, რომ ამ მოწერილობებზე პასუხის გაცემა შეგვეძლება იმ ვითარებაში, როდესაც საგამოძიებო კომისია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. და ვთხოვეთ ქალბატონ ხიდაშელს: "გთხოვთ წარმოგვიდგინოთ საგამოძიებო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება ან ოქმი, რომლის საფუძველზეც კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ რუსთავი 2-ისგან გამოთხოვილ იქნეს ზემოაღნიშნულ წერილებში მითითებული ინფორმაცია". ამ ელემენტარული დოკუმენტის მოწოდებისთანავე ჩვენ მზად ვიყავით, რომ სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ეს დოკუმენტი ჩვენ დღემდე არ გვაქვს რაც გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს დოკუმენტი საერთოდ არ არსებობს, და კომისიას არც არასდროს გადაუწყვეტია რომ რუსთავი 2-სგან რაიმე სახის ინფორმაცია გამოეთხოვა, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს რომ ეს არის ქალბატონი ხიდაშელის თვითშემოქმედება, რომელზეც ბუნებრივია რომ ჩვენ არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ, რადგან ის არ არის უფლებამოსილი მიიღოს ეს ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობა მას ამ უფლებამოსილებას არ ანიჭებს." - აცხადებს გვარამია.

მისი თქმით ხიდაშელი მიზანმიმართულად ებრძვის ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა დღეს უკვე ის ამას ახორციელებს როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი.

"საქართველოში არც თუ ისე ბევრი ცნობილი ჟურნალისტია, რომელსაც თოქშოუები მიყავს, ერთ-ერთ მათგანთან ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, ჩვენს არხზე თოქშოუს წაყვანის მიზნით და მან მხოლოდდამხოლოდ იმიტომ გვითხრა უარი, რომ ქალბატონმა ხიდაშელმა მას ურჩია, არ წახვიდე რუსთავი 2-ზე წლის ბოლომდე ნამდვილად არ იარსებებს და მე უზრუნველვყოფ ამასო. ქალბატონი ხიდაშელის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ვერაფერს ის ვერ უზრუნველყოფს რუსთავი 2-თან დაკავშირებით, დაკავდეს უფრო საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეებით. შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს რომელიმე მიმართულებით, ამ მხრივ ის იქნება აუცილებლად წარუმატებელი. და ნუ გაიხდის ცხოვრების მიზნად რუსთავი 2-თან ბრძოლას." - ამბობს გვარამია.

გვარამია ხიდაშელს ახსენებს, რომ თუ მან რაიმე ინფორმაცია დაუმალა კომისიას, ეს სისხლის სამართლის დანაშაული და საქართველოს პროკურატურისთვის უნდა მიემართა და "არა ჭორები ევრცელებინა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან."

"ბუნებრივია მე საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას შევასრულებ და სადაც გამომიძახებენ იქ მივალ. მითუმეტეს დაკითხვებზე სიარული ამ ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებით, ნამდვილად არ მიკვირს." - განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები