ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი

NDI-ს წინასაარჩევნო რეკომენდაციები

NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციამ ოქტომბრის  საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის  რეკომენდაციები წარადგინა. სპეციალურ ანგარიშში დელეგაცია მიიჩნევს, რომ  უწყებათაშორისმა კომისიამ რეაგირება უნდა მოახდინოს კამპანიის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების, ძალადობის თუ მოხელეებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ სანდო ინფორმაციაზე. NDI-ის რეკომენდაციით, უწყებათაშორისმა კომისიამ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს რეგულარული და  ყოვლისმომცველი ინფორმაცია ყველა წამოჭრილი პრობლემატური საარჩევნო საკითხის შესახებ. ასევე, ძალოვანმა უწყებებმა დაიცვან შეკრების თავისუფლება. დელეგაციის რეკომენდაციით, სამართალდამცავებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს და მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციას ემსახურებოდეს.

„სახელმწიფო თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ, რომ ყველა საჯარო მოხელე სრულად იყოს ინფორმირებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესების შესახებ და გაატარონ სანქციები ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში. პოლიტიკურმა ლიდერებმა მკაცრი ზომები უნდა გაატარონ იმ მხარდამჭერების მიმართ, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იქნება ჩართული“ - ნათქვამია წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში. NDI პრეზიდენტს, ცესკოს და პარლამენტს  ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევისკენ მოუწოდებს. დელეგაციის რეკომენდაციითვე, საჭიროა ცესკომ, იუსტიციის სამინისტრომ, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია ამომრჩეველთა სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისა და საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაციის სტატუსის განახლების აუცილებლობის შესახებ.

NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაცია პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების შესახებ დროული და ზუსტი ანგარიშების წარდგენას ურჩევს, ხოლო  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს  - კამპანიის დაფინანსების განმსაზღვრელი ნორმების და სანქციების მიუკერძოებლად გამოყენებას. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს - შეეცადოს, შეინარჩუნოს არჩევნების დაბალანსებული გაშუქება, განსაკუთრებით მმართველობასა და პროგრამებში მიმდინარე ცვლილებების ფონზე. NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის რეკომენდაციით, სასურველია, ცესკომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე არსებული საარჩევნო მასალები უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მიღმაც გაავრცელოს, ასევე, გააძლიეროს ამომრჩეველთა განათლების ძალისხმევა უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში და უზრუნველყოს უმცირესობათა ადეკვატური წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში.

რაც შეეხება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების და შემდგომ პერიოდის რეკომენდაციებს, NDI პარლამენტს ურჩევს, ნათლად განსაზღვროს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არეგულირებს, თუ რა სახის მონაწილეობაა დასაშვები თანამდებობის პირებისთვის კამპანიაში.

„ადგილობრივი არჩევნების შესახებ კანონმდებლობაში ნებისმიერი გაუმჯობესება პარლამენტმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მიიღოს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ბოლო წუთს მიღებული შესწორებები.  პარლამენტმა იფიქროს საჯარო სამსახურის ყოვლისმომცველი, მერიტოკრატიაზე დაფუძნებული რეფორმის შესახებ, რათა უზრუნველყოს საჯარო მოხელეების უწყვეტი დასაქმება, არჩევნების შედეგების მიუხედავად. პარლამენტმა, იუსტიციის სამინისტრომ და ცესკომ განიხილონ ალტერნატიული გზები, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს არჩევნებში მონაწილეობის 
შესაძლებლობას შეუქმნის და, ამავდროულად, არჩევნების სანდოობას შენარჩუნებს. პარლამენტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო რესურსები გააჩნდეს. პარლამენტმა, იუსტიციის სამინისტრომ და ცესკომ ფრთხილად განიხილონ ნებისმიერი ახალი ბიომეტრიული საიდენტიფიკაციო სისტემის განხორციელების ალტერნატივები, რათა ამომრჩეველს საარჩევნო უფლება არ შეეზღუდოს.  მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა შეარჩიონ, 
მოამზადონ და დააყენონ ქალ კანდიდატთა მეტი რაოდენობა და მეტად განავითარონ პარტიის ინფრასტრუქტურა, რათა მხარი დაუჭირონ ქალებს და მათ პრობლემებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები პარტიის პოლიტიკის ფორმირებისას გაითვალისწინონ“ - ნათქვამია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში. 

კომენტარები