იპოთეკარების პროტესტი

ბურჯანაძე: საპრეზიდენტო პროგრამაში იპოთეკარების პრობლემას გავითვალისწინებ

ნინო ბურჯანაძე
primerinfo.com

"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მთავრობას კერძო იპოთეკარების საკითხზე სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. როგორც ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობამ და საბანკო სექტორმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა დაზარალებულ იპოთეკარებს სესხის გადახდის ვადები გადაუვადოს.

"საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბანკის ვალების ქვეშ აღმოჩნდა იმის გამო, რომ დატერორებული იყო ბიზნესი. დატერორებულები იყვნენ ადამიანები და  მათ ჩამოართვეს ქონება და ბიზნესი. ძალიან ბევრ ოჯახს ბინის ჩადება და სესხის აღება უწევდა იმის გამო, რომ ციხის საშინელებიდან დაეხსნათ საკუთარი ახლობლები და საპროცესო გარიგებები გაეფორმებინათ. ამ საპროცესო გარიგებებით და წართმეული ბიზნესით დიდი თანხა ჩაიდო ჯიბეში უამრავმა ჩინოვნიკმა. ამიტომაც, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ჩვენ და  დაზარალებულები არ ვთვლით, რომ მათ ვალი სახელმწიფომ ან ბანკებმა უნდა გაუსტუმრონ. მაგრამ სახელმწიფოსაც და ბანკებსაც აქვთ იმის მექანიზმი, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში აღმოჩენილ  მოქალაქეებს ელემენტარული დახმარება გაუწიონ და გამოძებნონ ის გზები, რომლებიც მოსახლეობას გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხის აღების საშუალებას მისცემს", - აღნიშნა ბურჯანაძემ. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, მის პროგრამაში ეს საკითხი აუცილებლად იქნება ასახული. 

"ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაში ეს საკითხი აუცილებლად იქნება ასახული და პრეზიდენტობის მოვალეობის დაწყებისთანავე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალი უსახლკაროები არ აღმოჩნდნენ საქართველოში. ეს თემა ძალიან სერიოზულად გამოიკვეთა ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ქალაქებსა და განსაკუთრებით საკურორტო ზონებში.  აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2008 -12 წლებში საცხოვრებლისა და პირადი ქონების გარეშე 172 293 ოჯახი დარჩა. მოვალეთა რეესტრში კი, 73 000-ზე მეტი ოჯახი ირიცხება, რომლებსაც ქონების დაკარგვა და გამოსახლება ემუქრებათ. ამ საგანგაშო სტატისტიკის ფონზე სრულიად საგანგაშოა, რომ საქართველოს პარლამენტში შეჩერდა კანონპროექტის განხილვა მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი ამ კანონის განხილვას და დავალიანებების გადავადებას იმედის თვალით უყურებდა", - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით ივლისის თვეში, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, თუმცა მმართველმა გუნდმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისა და მათი პროტესტის შემდეგ, განხილვა შეაჩერა. ამ საკითხზე გუშინ ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონპროექტი პირადად მისი გადაწყვეტილებით შეჩერდა. მისი თქმით, იპოთეკარებთან დაკავშირებით მთავრობაში ძალიან ბევრს მუშაობენ.

ორი დღის წინ კი, დაზარალებულმა იპოთეკარებმა სასტუმრო " რედისონთან" საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ პარლამენტი მათი პრობლემის გადაჭრაზე მიმდინარე კვირას არ იმსჯელებს, "ქართული ოცნების" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყოველგვარ შანსს დაკარგავს.

კომენტარები