იპოთეკარების პროტესტი

ფოფხაძე იპოთეკარებზე - მადლისა და სიკეთის კრიტერიუმით იხელმძღვანელეთ

www.parliament.ge

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მთავრობასა და უმრავლესობას იპოთეკით დატვირთული ქონების აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით და შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს - "მადლისა და სიკეთის კრიტერიუმით" იხელმძღვანელონ. ამასთან, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, გედევან ფოფხაძემ საბანკო ორგანიზაციები და კერძო გამსესხებლები მოსახლეობის დაყაჩაღებაში დაადანაშაულა.

"მორატორიუმი გამოაცხადეს იმ ადამიანების გამოსახლებებზე, რომელთა ქონებაც სესხის გამო შესაძლოა, გასხვისდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია იყო სწორი და სახელმწიფომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. გამოსახლების შეჩერების გარდა, მიმაჩნია, რომ უნდა დაიწყოს პროცესი, რაზეც პოლიტიკური პოზიციების თანხვედრაა საჭირო. ეს დაამთავრებდა ქვეყანაში ბანკებისა და მევახშეების ყაჩაღურ პოლიტიკას. მგონია, რომ ბიზნესი არ უნდა იყოს თავისუფალი მორალისგან და კანონის მორჩილებისგან“ - განაცხადა ფოფხაძემ სესიაზე და ყაჩაღობაში კერძო გამსესხებლებიც დაადანაშაულა.

„დღეს სახელმწიფომ უნდა მიიღოს თანმიმდევრული გადაწყვეტილება, რათა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ყველა სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს ლეგალური ყაჩაღობის დასაკანონებლად", - აღნიშნა ფოფხაძემ.

იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით ივლისის თვეში, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, თუმცა მმართველმა გუნდმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისა და მათი პროტესტის შემდეგ, განხილვა შეაჩერა. ამ საკითხზე დღეს ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონპროექტი პირადად მისი გადაწყვეტილებით შეჩერდა. მისი თქმით, იპოთეკარებთან დაკავშირებით მთავრობაში ძალიან ბევრს მუშაობენ.

"შევდივარ მათ მდგომარეობაში და ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. იპოთეკარებზე ბევრი დრო დავხარჯე და ბევრი ვიმუშავე არჩილ ხაბაძესთან ერთად. ეს უნდა მოხდეს ბანკებთან შეთანხმებით. კანომდებლობა, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებდა იპოთეკარებთან დაკავშირებით, პირადად მე შევაჩერე და საყვედური მივეცი უსუფაშვილს, იმიტომ რომ არ შეიძლება ბიზნესმენს კანონით რაღაც მიენიჭოს, ამით შეიძლება ბიზნესი დაანგრიო. ასეთ კანონს თუ შემოვიღებთ ბიზნესმენები დაფრთხებიან ", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები ძალიან კარგად მუშაობენ.

„ისინი ცდილობენ ბანკებთან კონსულტაციებს. იპოთეკარების თემა ბანკებისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა. ხშირად სახლები გაუაზრებლად არის დაგირავებული. დიდი ოპტიმიზმს ვერავის ჩავუსახავთ, იქნებ რაღაც დონეზე რაღაც გავაკეთოთ," – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გუშინ კი, დაზარალებულმა იპოთეკარებმა სასტუმრო " რედისონთან" საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ პარლამენტი მათი პრობლემის გადაჭრაზე მიმდინარე კვირას არ იმსჯელებს, "ქართული ოცნების" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყოველგვარ შანსს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ ფოფხაძის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში ინიცირებულია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესი ექვსი თვით – 1 თებერვლამდე ჩერდება.

კომენტარები