საბაჟო კავშირი

EU: სომხეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელისმოწერის შანსი დაკარგა

ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა ლიტვა აცხადებს, რომ სომხეთმა რუსეთისგან მართულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელისმოწერის შანსი დაკარგა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლიკევიჩუსის, თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მოსკოვში გაკეთებულ განცხადებას, თუმცა ევროკავშირისა და საბაჟო კავშირის სისტემები ერთმანეთთან შეუთავსებელია. მათ განსხვავებული სატარიფო მოთხოვნები აქვთ.

გუშინ სერჟ სარგსიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ გადაწყვიტა სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანდეს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს

პუტინის ხედვით, 2006 წელს რუსეთის ეგიდით შექმნილი საბაჟო კავშირი არის საფუძველი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის - საკუთარი აღმასრულებელი ორგანოთი და ერთიანი სავალუტო სისტემით.

ამ დროისთვის საბაჟო კავშირში რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი არიან გაწევრიანებული. გაერთიანების სურვილი ყირგიზეთმაც გამოთქვა.

სომხეთი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ლიტვა, რომელიც ამ დროისთვის ევროკავშირის პრეზიდენტია, ივლისში მოლაპარაკებებს მხარს აქტიურად უჭერდა.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საბაჟო კავშირის წევრობა, ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობაზე უარის თქმას ნიშნავს.

 

კომენტარები