საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ბურჯანაძე: ქვეყნისთვის კარგია ბურჯანაძე პრეზიდენტად, ივანიშვილი - პრემიერად

ნინო ბურჯანაძე
primerinfo.com

საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დღევანდელ პრესკონფერენციას ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილის კომენტარი, რომ არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, ბუნებრივია.

"მან გააკეთა ბუნებრივი კომენტარი, როგორიც უნდა გაეკეთებინა კოალიციის ლიდერს, რომელსაც ჰყავს საკუთარი კანდიდატი. მე არ მგონია, ვინმე იმას ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იმას იტყოდა, მე, სინამდვილეში ბურჯანაძეს ვუჭერ მხარს, მაგრამ მარგველაშვილი ტყუილად დავაყენეო. ეს უბრალოდ, არასერიოზულობა იქნებოდა. აბსოლუტურად ბუნებრივი კომენტარი გაკეთდა მისი მხრიდან. მთავარია, რომ არჩეევნები ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიულად. ასეთ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ტურში იქნება ეს თუ მეორე ტურში, მე აუცილებლად გავიმარჯვებ", - განაცხადა ბურჯანაძემ. 

ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის შეეცდება, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წავიდეს.

"ვწუხვარ, რომ ბატონ ბიძინას აქვს ეს განწყობა, რომ ის ასე მალე წავიდეს პოლიტიკიდან. თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის წვლილს, პირველ ოქტომბერთან დაკავშირებით. ზოგადად, იმ ძალიან ბევრ გაკეთებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მას გაუკეთებია საქართველოსთვის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს, თუმცა, მე შევეცდები პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დავარწმუნო ივანიშვილი, რომ გარკვეული პერიოდი დარჩეს პოლიტიკაში, რადგან ვთვლი, რომ საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ბურჯანაძე პრეზიდენტად და ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი წასვლით სერიოზული პრობლემები იქნება ქვეყანაში, თუმცა ამ პრობლემებს მე ნამდვილად თავს გავართმევ. იმ ფონზე, როდესაც ბატონი ბიძინა აკეთებს განცხადებას, რომ ყველა შემთხვევაში აპირებს წასვლას, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს არჩევანის გაკეთების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი ნამდვილად არ იქნება მარგველაშვილის სასარგებლოდ", - აცხადებს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე ევრაზიის კავშირის შესახებ პრემიერმინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ევრაზიის კავშირში გაერთიანებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ნებისმიერ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კი, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღონ, თუ რა აწყობს საქართველოს.

კომენტარები