ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ნაციონალები არ უნდა იყვნენ წყალგამყოფები

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს, რომ თვითმმართველობებში ნაციონალური მოძრაობის წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ.  მისი თქმით, თავად არ ერევა თვითმმართველობების საქმეში. როგორც ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯერ აუცილებელია, ცენტრალური მთავრობა დალაგდეს და შემდეგ, "რეგიონებიც ჩალაგდება". პრემიერის თქმით, ზოგ რეგიონში განსაკუთრებით განცდიან, რომ ისევ ძველი კადრები მართავენ, მაგრამ ეს კარგია. მისი თქმით, ქვეყნის  ძირითადი პრობლემა  უმუშევრობაა და ყველას დასაქმება შეუძლებელია. პრემიერის შეფასებით, პოზიტიურია, რომ ნაციონალების გარკვეული ნაწილი ახერხებს თვითმმართველობაში პოზიციების შენარჩუნებას. 

„ნაციონალები არ უნდა იყვნენ წყალგამყოფები. ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვეულებრივად იგრძნონ თავი. ისინი იდეოლოგიაზე არ არიან დაფუძნებულები, მხოლოდ ძალაზე. ამ ძალას კი, ინაწილებდნენ ისინი, ვინც თანამდებობას იღებდა. ამას იღებდა აქტიური, ნიჭიერი ნაწილი და მათი თავიდან ბოლომდე ჩანაცვლების არც სურვილი გვქონია და არც მცდელობა. არც უფლება მქონდა, რომ თვითთმმართველობის საკითხებში ჩავრეულიყავი. ამით, მივიღეთ, რომ ბევრი „ნაციონალი“ დარჩა საკრებულოსა და გამგეობაში და ამავდროულად ჩანს, რომ მმართველობის ეფექტურობა დაიკარგა და არ არის ისეთი მკაცრი ვერტიკალი" - ამბობს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის დარჩენილი ნაწილი კანონს უნდა დაექვემდებაროს და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.

"წმენდა არ არის დასაშვები. ისინი არჩეულები არიან და ჩვენც უნდა დავექვემდებაროთ კანონს. კანონს ვერ გადავუვლით. კანონს უკვე გადაუარეს იმათმა და იგივეს განმეორება ჩვენგან, გამოიწვევს უბედურებას.  შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად მეტი პატივი ვეცით კანონმდებლობას. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, რადგან სხვანაირად არ შეიძლებოდა. მოვითმინოთ მაქსიმალურად. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გვექნება ხარისხობრივად ახალი ტიპის ორგანოები, რომლებსაც ექნებათ მეტი უფლებები" - ამბობს პრემიერი და ვარაუდობს, რომ მთავრობა ორ კვირაში დაამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ მოდელს.

 

კომენტარები