ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: მითხრეს რომ თბილისში რეიდები გახშირდა მაგრამ ვერ დავიჯერე

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილს თბილისში გახშირებულ რეიდებთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა ვერ დაიჯერა.

"ნამდვილად გახშირდა? ყველას გგონიათ რომ გახშირდა? ასეა ნამდვილად? კარგია, აი ეს არის ობიექტური მუშაობა ჟურნალისტიკის მხრიდან. მე მითხრეს ეს და ვერ დავიჯერე. აუცილებლად თავად გავერკვევი და ვთხოვ ღარიბაშვილს გამოვიდეს, განმარტება გააკეთოს. აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ეს გახშირდა და შეამჩნიეს, გამოვიდეს მინისტრი და გააკეთოს განმარტება. ეს ზუსტად კონტროლის ფორმაა, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ. რაღაც მოხდა, შეიცვალა და ვერ გავიგეთ? კეთილი ინებოს პოლიციამ და გვიპასუხოს. ვფიქრობ, რომ გამოვა მინისტრი და განმარტებებს გააკეთებს, თუ საჭირო იქნება მეც დავეხმარები. თუმცა მე საქმის კურსში არ ვარ თუ სიმართლე გნებავთ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, თბილისში, პოლიციის თანამშრომლები მასობრივად აჩერებდნენ, ჩხრეკდნენ და ამოწმებდნენ მოქალაქეებს. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იწერდნენ მოქალაქეების პირად მონაცემებს და უღებდნენ სურათებს.

კომენტარები