ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ივანიშვილი: გარანტიას ვიძლევი, რომ მე დავტოვებ საუკეთესო მთავრობას

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ იქნება მისი შემცვლელი. ამასთან, როგორც ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აქვს წარმოდგენა იმ მექანიზმებზე, როგორ განაგრძობს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების მართვას, თუმცა, არ არის საჭირო, რომ ეს ძირითადი პოლემიკის საგანი გახდეს.

"ვიცი, როგორ უნდა ვიმუშავო და როგორ დავეხმარო საზოგადოებას. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის, რომ დავეხმარო საზოგადოებას ანალიზის გაკეთებაში, როგორ შევარჩიოთ და გავარჩიოთ - ვინ ვინ არის. მაგრამ ეს ნაადრევია და შეგნებულად ავარიდე თავი იმ მექანიზმების განხილვას - პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ,  NGO-ს დავაარსებ, პირადად ვიაქტიურებ თუ სხვა, რადგან არ მინდა, რომ ეს ძირითადი პოლემიკის საგანი იყოს. მინდა, რომ ძირითადი პოლემიკის საგანი იყოს საპრეზიდენტო არჩევნები. მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა, რომელსაც მე დავტოვებ, იქნება პატიოსანი და ხალხის სამსახურში. არ იქნება კორუმპირებული. მე ვიძლევი გარანტიას, რომ ეს იქნება საუკეთესო და ეფექტური მთავრობა." - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს გარანტია მისი პატიოსანი სიტყვაა.

"მე ვაგებ ამაზე პასუხს და იქ, სადაც ვიქნები აქტიური, შეგიძლიათ შემახსენოთ. დღეს გვყავს კარგად შერჩეული მინისტრები. მე მათ დავეხმარე სტრატეგიის შემუშავებაში და აღარ სჭირდებათ ყოველდღიური მითითებები. მაგალითად, პოლიციაში წესრიგია. 14 000 პატიმარი გამოვუშვით, რა თქმა უნდა, ნაწილმა დაამძიმა კრიმინოგენური დონე, მაგრამ არავინ არ ძალადობს მოქალაქეებზე, პოლიცია მუშაობს. ამას ახერხებს შს მინისტრი. ასევე მუმუშაობენ სხვა მინისტრები" - ამბობს პრემიერი და  არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა მისი შემცვლელი მინისტრთა მოქმედი კაბინეტიდან.

მისივე თქმით, ოპონენტთა ბრალდებები, რომ ის ქვეყნის მართვას კულისებიდან განაგრძობს, უსაფუძვლოა. ივანიშვილის განცხადებით, იმის საჭიროება არ იქნება, რომ ქვეყანა ჩუმად და კულისებიდან მართოს. 

"მე თუ სურვილი მაქვს მართვის, რატომ უნდა მივდიოდე? ნაციონალები ამბობენ, რომ ვერ შევასრულე დაპირებები, გავრბივარ, მეშინია.. რა არ შევასრულეთ? სად იკვეთება, რომ მეშინია? როცა საშიში იყო სიცოცხლისთვის, მაშინ შემოვედი პოლიტიკაში. რატომ უნდა მქონდეს სურვილი, რომ კულისებიდან ვმართო? ჩუმად მართვას ცდილობენ ისინი, ვინც ვერ ახერხებენ ფორმალურად მოსვლას ქვეყნის სათავეში და ლიდერობას" - აღნიშნავს საქართველოს პრემიერი.

 

 

კომენტარები