საპრეზიდენტო არჩევნები 2013

TI: სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობა კონსტიტუციას არ არღვევს

Salome Zourabichvili

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ცესკოს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, არ ეთანხმება. ორგანიზაციის ინფორმაციით, არც საარჩევნო კოდექსი და არც საქართველოს კონსტიტუცია არ მოითხოვს, რომ კანდიდატი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე იყოს.

"კონსტიტუციის 70-ე და საარჩევნო კოდექსის 96-ე მუხლებში, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის სავალდებულო კრიტერიუმების საკმაოდ დეტალურ ჩამონათვალს მოიცავს, არაფერია ნათქვამი ორმაგ მოქალაქეობაზე. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვას ეხება, ეს არის კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი. თუმცა, აღნიშნული მუხლი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს და არა - არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი გაიმარჯვებს არჩევნებში, იგი უბრალოდ დატოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და კონსტიტუცია არ დაირღვევა",- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ 104/4 მუხლით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირსაც კი აქვს უფლება 2014 წლამდე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. "არალოგიკური იქნება, თუკი ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქეს კანდიდატად რეგისტრაციის უფლებაც კი არ მიეცემა, მით უმეტეს, რომ კონსტიტუცია ამას არ კრძალავს",-ნათქვამია განცხადებაში.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ცესკო-სგან უარი მიიღო.

ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".

დღესვე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცესკო-ში განცხადება გუშინ შეიტანა.

 

 

კომენტარები