იაშვილის კლინიკის საქმე

სერგეენკო - საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში იძულებითი მმართველი შევა

facebook.com/mohgovge

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკასა და ჰოლდინგში შემავალ სხვა პედიატრიულ ცენტრებში იძულებითი მმართველი შევა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება,  ამოქმედდება კანონი სტრატეგიული ობიექტების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა,  სახელმწიფომ ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენოს უფლებები კლინიკების სტანდარტულ რეჟიმში, სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

"მთავრობა სახელმწიფო ინტერესს არ დათმობს არანაირი კერძო ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის მსხვილი პედიატრიული ჰოლდინგი, ალოგიკურია იქ განვითარებული მოვლენები. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ შეურაცხადმა ადამიანმა და გაყიდოს კლინიკები, როგორც ლუდხანა. უცხოელი ინვესტორები ეძებენ მყარ ლობისტებს სახელმწიფოსთან, მაგრამ ამ ინვესტორებმა ავნეს ამ კლინიკებს. თუ საჭირო გახდება სახელმწიფო ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენებს კანონს სტრატეგიული ობიექტების შესახებ. ვინაიდან, ეს პედიატრიული ცენტრები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებებია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის სახელობის კლინიკაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის პაციენტებს, ვინაიდან მომხდარის გამო მედპერსონალი დემორალიზებული აღმოჩნდა.

მისივე ინფორმაციით, თუ ვითარება არ დარეგულირდება "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლებსა და მედპერსონალს შორის, შესაძლოა კლინიკებში იძულებითი მმართველი შევიდეს.

ციციშვილისა და იაშვილის სახელობის, ასევე პედიატრიული ინსტიტუტის, ახალი სიცოცხლე და ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს ექიმები სამედიცინო დაწესებულების თურქ ინვესტორს დაუპირისპირდნენ და მის შეცვლას ითხოვენ. მათი განცხადებით უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ექიმებს ხშირად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებს. ჟურნალისტებთან საუბარში, დაწესებულების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელი თანამშრომლებს ჯვრით სიარულს და შენობაში ხატების ქონას უკრძალავს. უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის წარმომადგენელი საქართველოში თექინ ათიკი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს,  რომ მსგავს შეურაცყოფის ფაქტებს ადგილი არ ქონია და აქციის მონაწილეები სხვა ძალისგან არიან მართულნი.

 

კომენტარები