ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

კალაძე: თანამდებობის დატოვება არ ნიშნავს ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლას

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და  ვიცე-პრემიერი კახი კალაძე პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებით ეხმაურება.

”მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერის სავარძლის დატოვება არ ნიშნავს ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლას. ეს ნიშნავს მთავრობის მეთაურის ყოველდღიური, ძალიან დატვირთული რეჟიმიდან მის გათავისუფლებას, რაც მას საშუალებას მისცემს მეტი ფოკუსირება მოახდინოს ქვეყნისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებზე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგმება სრულიად გააზრებულად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები და უფრო ნათლად გამოიკვეთება ახალი პოლიტიკური რეალობის კონტურები.
ჩვენ ყველას, მთელ გუნდს, ბატონ ბიძინასთან ერთად აღებული გვაქვს პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვასა და წინსვლისათვის და არცერთი ჩვენთაგანი არ დათმობს საკუთარ ვალდებულებას ემსახუროს საქართველოს.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილებასა, ღია და დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული საარჩევნო დაპირებები შესრულდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს კოალიციის კანდიდატი, ჩვენ შევალთ ახალ რეალობაში, როდესაც მთლიანად ქვეყნის განვითარების საკითხებზე მოგვიწევს ზრუნვა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ვადამდე თანამდებობის დატოვება უპრეცედენტო სიახლეა ქართული პოლიტიკისათვის, როდესაც ქვეყნის პირველი პირი საკუთარი ნებით და ხალხის საკეთილდღეოდ თმობს ძალაუფლებას ნაცვლად იმისა, რომ შეინარჩუნოს მაქსიმალურად დიდი დროით. საქართველოში დასრულდა მესიანიზმის ეპოქა და ჩვენ ვიწყებთ ნორმალური, დემოკრატიული, ინსტიტუტებზე და არა პიროვნებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.
პრემიერის ეს ნაბიჯი ნიშნავს მის ფოკუსირებას საზოგადოებრივ საკითხებზე, რაც პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის მმართველობას დღეს ახორციელებს კოალიცია ქართული ოცნება, ჩვენ გვაქვს უმრავლესობა პარლამენტში, ბატონი ბიძინას მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი და ყველა საარჩევნო დაპირების შესრულება მიმდინარეობს ყოველდღიურ მუშა რეჟიმში, რაც არის შეუქცევადი პროცესი. ეს პროცესი გახდება კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი და ახალი პრეზიდენტი ჩაერთვება ქვეყნის შენების პროცესში", - ნათქვამია კახი კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები