საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა

Georgian tycoon and politician Bidzina Ivanishvili speaks during an interview with Reuters at his office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პრემიერმინისტრმა, წერილში, რომელშიც საკუთარი წასვლის მიზეზებს განმარტავს, საზოგადოებას მისცა გარანტია, რომ სახელმწიფო მართვიდან მისი წასვლის შემდეგ ქმედუნარიან, არაკორუმპირებულ, ევროპული ტიპისა და სწორ მიმართულებით მოძრავ მთავრობას დატოვებს. მან ახალი პრემიერის კანდიდატურაზეც ისაუბრა.

”ახალი პრემიერმინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შევთავაზებ, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.” - ნათქვამია წერილში.

პრემიერის თქმით, გარანტია რომელსაც ის იძლევა ”როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ. ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა, რომელსაც მე ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ.” - ამბობს ივანიშვილი.

პრემიერი ტოვებს როგორც სახელმწიფო, ისე პარტიულ თანამდებობას და საზოგადოებასთან ერთად მმართველი გუნდისთვის ”შენიშვნების მიცემას” აპირებს, ”რაც არანაკლებ საჭიროა. და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვექნება ქვეყნისა თუ ცალკეული სამინისტროების განვითარების ჯანსაღი იდეები, არც ამ იდეების მიწოდება გახდება რთული მთავრობისა და პარლამენტისთვის.” - ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, ამჟამად მთავრობაში მისი როლი ”ძირითადი პარამეტრების შესრულების კონტროლია”.

”ვფიქრობ, მინისტრები საკმაოდ კარგად არიან შერჩეული და თუ რეალობის გათვალისწინებით გავაანალიზებთ ვითარებას, მთავრობის საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტურია. მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, აქტიური მონაწილეობა მივიღე თითოეული სამინისტროს სტრატეგიული საკითხების ჩამოყალიბებაში და ამ სტრატეგიის ფარგლებში თითოეულ მინისტრს მივეცი მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღების სრული თავისუფლება. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ მე ძირითადი პარამეტრების შესრულების კონტროლით ვარ დაკავებული და ყველა მინისტრი თავად უძღვება  მისთვის მინდობილ საქმეს.” - ამბობს პრემიერი.

კომენტარები