არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი ლენტეხის საკრებულოს მიერ გამგებლის, ზაზა ლიპარტელიანის, გადაყენებას აპროტესტებს. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ლიპარტელიანის გადაყენება კანონდარღვევით მოხდა.
"როგორც საქმის გარემოებიდან ირკვევა, გამგებლის იმპიჩმენტის წესით გადაყენება განხორციელდა გაყალბებული დოკუმენტაციით. გამგებლის გადაყენების საკითხი ბიუროს სხდომაზე არ დასმულა და საკრებულოს დღის წესრიგშიც არ იყო. საკრებულოს თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობიდან", ვალოდია ქურასბედიანმა და ყოფილმა "ნაციონალმა", ამჟამად კი "რესპუბლიკელმა" სოსო მუკბანიანმა საკრებულოს წევრებზე განახორციელეს ზეწოლა, რის შედეგადაც მოხდა გამგებლის გადაყენება საკრებულოს რეგლამნეტის დარღვევით", - აღნიშნა მჟავანაძემ.
მჟავანაძე ასევე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები შეინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო სტრუქტურებს ამ საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებენ.
განცხადებას უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები - უფლებადამცველთა გაერთიანება, ყოფილი პოლიტიპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის, ახალგაზრდა ადვოკატები, კოალიცია ერთსულოვნება, უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეკოტექი, დონორთა ორგანიზაცია, საერთაშორისო იდეოლოგიური ფორუმი და აქტიური მოქალაქე.
ლენტეხის გამგებელი თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადააყენეს.





