უგულავას საქმე

საქალაქო სასამართლოში უგულავასა და კეზერაშვილის პროცესი მიმდინარეობს

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თბილისის მერმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მოწმეების უმეტესობა მხოლოდ ანტურაჟისთვის არის წარმოდგენილი და ისინი გამოძიებას შთამბეჭდავი ტომების შესაკრავად სჭირდება.

"მთავარი მოწმე, ჯოკერი კვლავ არის ჯოზეფ ქეი, რომლის რეპუტაციაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გამოძიებას უჭირს და მოწმეებად მოყვანილი ჰყავს ისეთი საერთაშორისო დონის აფერისტები, როგორიც არის ჯოზეფ ქეი, ან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და მათზე ზემოქმედება ადვილია", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას სპექტაკლს და ფარსს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის დასასრულს საზოგადოება უახლოეს მომავალში დაინახავს.

"ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხმამაღალი პრესკონფერენციებით დაწყებული საქმეები თვალსა და ხელს შუა დნება და სასამართლოზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ ყველაფრის მიზანი კი არის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ტალახში ამოსვრა. სამწუხაროა, რომ ამაზე გადასახადის გადამხდელთა ფული, სასამართლოს დრო იხარჯება და ამ სპექტაკლს განვიხილავთ უკვე ერთი წელიწადია", - აღნიშნა უგულავამ.

 

კომენტარები