საპრეზიდენტო არჩევნები 2013

UNM საარჩევნო უწყებათაშორისი კომისიისგან ზეწოლის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მიუხედავად ქართული ოცნების, მათ შორის თავად ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის არაერთი საჯარო განცხადებებისა, რომ საარჩევნო კამპანია კანონიერ, ღია და გამჭვირვალე გარემოში გაიმართება, ფაქტები სხვას მეტყველებს.

„გრძელდება პირდაპირი ტერორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ, იმ პირობებში როცა პარტიის გენერალური მდივანი დაჭერილია, რაიონებში პარტიის თავმჯდომარეებსა და ლიდერებს აკავებენ, იბარებენ სამართალდამცავ ორგანოებში და აიძულებენ დატოვონ მოქმედი თანამდებობები და გათავისუფლების პირობად პარტიულ აქტივობაზე უარის თქმას უყენებენ (ქობულეთის, ადიგენის და ვანის გამგებლები, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე).“ - წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა ასევე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ფაქტებზე საარჩევნო უწყებათაშორის კომისიას შეატყობინეს,  რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

"ზეწოლა, უკვე პარტიის აქტივისტებზე გადავიდა: ფოთში, დღეს 16.00 სთ-ზე პროკურატურაში დაიბარეს მალთაყვის #5 უბნის კოორდინატორი ნუგზარ გოგუა  #7 უბნის კოორდინატორი გრიგოლ ღვანია და #34 უბნის კოორდინატორი ლუიზა ჯოლოხავა. მათ დაუკავშირდა უბნის ინსპექტორი ვინმე შენგელია და პროკურატურაში გამომძიებელ წულაიასთან დაიბარა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო უწყებათაშორის კომისიას მიმართავს და აღნიშნულ ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. „ მოახდინოს პრევენცია პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის მომავალ ფაქტებზე, რათა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.“ - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები