სირიის კონფლიქტი

ისრაელი და დიდი ბრიტანეთი სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან

bbc.co.uk

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი სირიაში სამხედრო ინტერვენციას მხარს უჭერენ და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, დასჯას მოითხოვენ. თეთრი სახლი კვლავაც თავს იკავებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაგან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის, თქმით კი, თუ ბარაკ ობამა შესაბამის ბრძანებას გასცემს, აშშ-ის ჯარები მზად არიან სამხედრო თავდასხმისთვის.

ისრაელმა გოლანის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები დაიწყო. ქვეყნის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შიშობს, რომ შესაძლოა მეზობელმა სირიამ ისრაელს დაარტყას. თუმცა, ამბობს, რომ ნებისმიერ პროვოკაციას უმკაცრესად უპასუხებს. ამასთანვე მზადაა, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღოს.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაზე შესაძლო სამხედრო მოქმედების გეგმის შემუშავება დაიწყეს. დევიდ ქემერონი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწვიოს თუ არა პარლამენტი და შესაძლო სამხედრო ინტერვენციაზე იმსჯელოს. ევროპას მხარს უჭერენ არაბული ლიგის ქვეყნებიც, რომლებმაც ბაშარ ალ ასადი დამნაშავედ ცნეს.

სირიის პრეზიდენტის მხარდამჭერებად რუსეთი და ჩინეთი რჩებიან. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას და მიაჩნია, რომ ეს კატასტროფული შედეგებით დასრულდება. ოფიციალური მოსკოვის აზრით, აშშ და ევროპა ხელოვნურ, დაუსაბუთებელ მიზეზებს იგონებენ, რათა სირიაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელონ.

სირიის მთავრობა კვლავაც უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. ბაშარ ალ ასადის თქმით, ეს პროვოკაციაა და სამხედრო დარტყმა მსოფლიოს კარგს არაფერს მოუტანს. მან ასევე თქვა, რომ არ დაუშვებს,სირია ამერიკის თოჯინად იქცეს.

გაეროს იარაღის ექსპერტების ჯგუფმა სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამოძიება განაახლა. მათი თქმით, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებისთვის დრო დასჭირდებათ. სწორედ, დასკვნაზეა დამოკიდებული გაეროს შემდგომი ნაბიჯები.

კომენტარები