დაკავება

საგამოძიებო სამსახური ადიგენის გამგებლის დაკავების მიზეზს განმარტავს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის, დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,პარუნაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ფაქტებზე დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის 5 მაისს გამოცხადებულ ტენდერში სიმონ პარუნაშვილმა, რომელიც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, კომისიის სხვა წევრებთან ერთად "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის უგულვებელყოფით, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის კუთვნილ საწარმოს შპს "ადიგენი 2009"-ს. ის ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ 2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს "ნამქერის" მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის ანტონ მერაბიშვილის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი. სატენდერო კომისიამ მოცემულ ტენდერში შპს "ნამქერი" გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ როდესაც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვალდებული იყო მოეხდინა შპს "ნამქერის" დისკვალიფიკაცია, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლითა და 342-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალიწინებს.

ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარიშვილის თქმით, "ეს [სიმონ პარუნაშვილი] იყო ერთადერთი ნაციონალი გამგებელი და ამიტომ დააკავეს. ამით სცადეს ერთი საქმის მეორით გადაფარვა. შესაძლოა, ამ ინციდენტის გადაფარვა უნდოდათ", - ამბობს იგი.

შეგახსენებთ,რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ბოლო დღეების განმავლობაში ვითარება დაძაბულია. დაპირისპირება მინარეთის დემონტაჟმა გამოიწვია.

 

კომენტარები