აღმსარებლობის თავისუფლება

მალხაზ სონღულაშვილი სოფელ ჭელაზე: გონს მოვეგოთ ვიდრე გვიან არ არის

ნანო სარალიშვილი

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილის სოფელ ჭელაში მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ტაბულა” უცვლელად გთავაზობთ:

”132 წლის წინ აჭარა, დიდი ხნის განშორების შემდეგ, დედა-საქართველოს დაუბრუნდა. გაბრილ ეპისკოპოსი (ქიქოძე) მიესალმა ამ დიდ ისტორიულ მოვლენას და ქართველი ქრისტიანების სახლით ქართველ მუსლიმებს შემდეგი აღუთქვა:

"ჩვენ ქართველი ქრისტიანები ყოველთვის ვიქნები თთქვენი რწმენის [აჭარელი მუსლიმების] დამცველი...არავინ ხელყოფს თქვენს რწმენას, ოჯახს, ადათებსა და წესებს..."(მიწა, 1920, ნომერი 10).

ვერც ჩვენმა წინამორბედებმა, ვერც ჩვენ ვერ შევძელით ამ დაპირების შესრულება. გავუმტყუნეთ იმედები ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს.
დღესაც მოწმეები გავხით უპრეცედენტო მავნებლობისა, სიბნელისა და მუხანათობისა.

ადიგენის რაიონის სოფელი ჭელა ქრისტიანთა და მუსლიმთა ჰარმონიული თანაცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენდა მთელ საქართველოში. რაჭიდან ჩამოსახლებულ ქრისტიანებს გვერდში ძმურად ედგნენ აჭარლები. ის კი არა, მუსლიმი ქართველები ქრისტიან ქართველებს იმაშიც კი ეხმარებოდნენ, რომ მათ თავიანთთვის ეკლესია აეშენებინათ.
სწორედ ასეთ სოფელში დღეს კიდევ ერთხელ ჩასცეს ლახვარი ქრისტიანთა და მუსლიმთა ძმობასა და მეგობრობას. მეჩეთს მინარეთი მოუშალეს და ის მორწმუნე ხალხი რომელიც თავიანთი სიწმიდის დასაცავად გამოვიდა, მათ შორის 80 წლის ბერიკაცები, უმოწყალოთ სცემეს.

ამ ბარბაროსობის გასამართლებელ საბუთად ის მოიყვანეს, მეჩეთზე მინარეთის მიშენების ნებართვა არ არსებობდაო. ჯერ ერთი არ არსებობდა იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს საკულტო ნაგებობების შესახებ შესაბამისი კანონი. მეორეც, ნუთუ ეს ისეთი ძნელი მისახვედრია მათთვის, ვინც დღეს მინარეთი მოშალა, რომ მინარეთი მეჩეთის არქიტექტურის ერთ-ერთი ატრიბუტია. მინდა თავი დავაჯერო, რომ ის რაც დღეს მოხდა სიბრიყვის, გაუნათლებლობისა და უმეცრების შედეგად მოხდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ვინმეს უნდა საქართველოში ქრისტიანები და მუსლიმები წაკიდონ ერთმანეთს. არადა, როგორც ამბობენ, ფაქტი ჯიუტია. ჩვენ აშკარადა ვხედავთ როგორ იკრებს ჩვენში ძალას ისლამოფობია. დამიჯერეთ, ეს ცეცხლთან თამაშია.მოდით გონს მოვეგოთ, ვიდრე გვიან არ არის.

ნუ ვისარგებლობთ ბოროტად ჩვენი მუსლიმი დებისა და ძმების მპატიებლობითა და სულგრძელებით. ეს ხალხი სულგრძელად ელის, რომ სამართალი ოდესმე პურსაჭამს.

სამწუხაროდ ქართველი მუსლიმების რელიგიური გრძნობების შელახვა და აბუჩად აგდება ლამის არის ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. ახლა ამ განცხადებს რომ ვწერ, ჩემთვისა ვფიქრობ, რა აზრი აქვს ახლა ამის წერას, ვინ არის ამ ქვეყანაშიან ყურის დამგდები ან ძალის მხმეველი. საქართველოში ისლამოფობია უნდა ამოიძირკვოს ერთხელ და სამუამოდ. თუ ხელლისუფლება უსუსურია, როგორც ეს სამთაწყაროს მოვლენებმა გვაჩვენა (უკვე თვეები გადის, იქ დაშინებული ქართველი მუსლიმები პარასკევის ლოცვას ვერ ასრულებენ), მაშინ იქნება ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა ჩვენი მუსლიმი დებისა დაძმების დასაცავად, ერმა და ბერმა, მწერლებმა, პოეტებმა, ყველამ, ვისაც ამ ქვეყნის ბედი ანაღვლებს. მაინცდამაინც ურმის გადაბრუნებას ხომ არ უნდა ველოდოთ?!

ვინც თავს ქრისტიანებადა ვთვლით იმათ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ მუსლიმებს პატიება იმის გამო, რასაც ჩვენ ქრისტიანობის სახელით ვუკეთებთ მათ.” - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები